fbpx

წიგნის ზეიმი ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკაში „თვითშემოქმედების საღამო“- გაიმართა, სადაც ბიბლიოთეკის დაარსების 125-ე წელი იზეიმეს. მასში მონაწილეობას ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თანამშრომლები, მკითხველები, კულტურის სამსახურის თანამშრომლები, ადიგენის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იღებდნენ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა, ასევე მონაწილეებმა სიმღერით, ლექსითა და სიტყვით კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ბიბლიოთეკისა და წიგნის მნიშვნელობაზე.

აღნიშნულ ღონისძიებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, ხელოვანი და თვით შემოქმედი ირმა მერაბიშვილი დაესწრნენ.

შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებაზე მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა და მერის მოადგილემ 125 წლის იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. დღესვე, მერმა გოჩა ქიმაძემ საკუთარი ინიციატივაც გააჟღერა სამხატვრო სკოლის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

პირველი ბიბლიოთეკა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, 1897 წლის 1 ივლისს დაარსდა. ამ პერიოდისთვის ბიბლიოთეკას 250 ცალი ქართული და 51 რუსული წიგნი ჰქონდა. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ კი 118 წიგნი გამოუგზავნა. იმ პერიოდისთვის ბიბლიოთეკა საშუალოდ დღეში 6 მკითხველს ემსახურებოდა და 60 ხელისმომწერი ჰყავდა. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში, ხოლო 1945 წელს დაბა ადიგენში ქოხ-სამკითხველო გაიხსნა. პირველი ბიბლიოთეკა მდებარეობდა კულტურის სახლის II სართულზე.
დღეისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 105000-მდე ეგზემპლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება