უკრაინაში, ლვოვის ოლქში, იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო
სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP)
ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021 მიმდინარეობს.
საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალები 6 ოფიცრითაა ჩართული,
რომლებიც სწავლების საშტაბო კომპონენტში მონაწილეობენ. ქართველი სამხედროები
მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის
ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარების
და საერთაშორისო დამკვირვებელ- მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი.
საერთაშორისო სწავლების მიზანი ნატოს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“
ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სწრაფი რეაგირების
ძალების მოქმედებების დახვეწაა.
მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021-ში 15 პარტნიორი ქვეყნის 6000 სამხედრო
მოსამსახურეა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, კანადა,
საქართველო, გერმანია, იტალია, იორდანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პაკისტანი, პოლონეთი,
რუმინეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.
Rapid Trident 2021 ყოველწლიური აშშ-უკრაინული სწავლებაა, რომელიც ოფიციალურად 1
ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის ძალები Rapid Trident-ში 2013 წლიდან
სხვადასხვა კომპონენტში მონაწილეობს.