fbpx

ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება ევროპასთან ერთად, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ-თეა წულუკიანი

ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება და ყოველთვის გვესახებოდა ევროპასთან ერთად, რადგან ქრისტიანული, ევროპული თვითმყოფადი კულტურის ხალხი და ქვეყანა ვართ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, განსახორციელებელი ყველა ფუნდამენტური რეფორმა მათ განახორციელეს.

„რასაკვირველია, ჩვენ ველოდებით დღეისა და მომდევნო დღეების სხვადასხვა დასკვნას, საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რას იტყვის ევროკავშირი საქართველოზე, რას იტყვის ქვეყანასა და მის მომავალზე, როგორ ესახება ჩვენი მომავალი. ესახება თუ არა ჩვენი ქვეყნის ერისა და სახელმწიფოს მომავალი მათთან ერთად.

ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება და ყოველთვის გვესახებოდა ევროპასთან ერთად, რადგან ქრისტიანული, ევროპული თვითმყოფადი კულტურის ხალხი და ქვეყანა ვართ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ. გადაწყვეტილებას იღებენ ისინი და ჩვენ ველოდებით. ვართ იმედიანად განწყობილი, რას ფიქრობს თავად ევროკავშირი ჩვენთან დაკავშირებით. ყველა ფუნდამენტური რეფორმა, რაც განსახორციელებელი იყო, განხორციელდა. არაერთი რეფორმა კვლავ მიმდინარეობს და განსახორციელებელი იქნება, მაგრამ გადაწყვეტილების მომენტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქონიებთ რაღაც მეტისმეტ ზეგავლენას. არ გვაქვს ამის ბერკეტი უბრალოდ. მშვიდობიანად, იმედიანად და იმ მუშაობის შედეგად, რაც მთავრობამ გასწია, ველოდებით შედეგს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანს სჯერა, რომ სამუშაო, რომელიც სამინისტროების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩართულობითა და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გატარდა, შედეგს მოიტანს.

„გუშინდელი აქცია იმის საჩვენებლად თუ იყო გამართული, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტს სურდა, აქციის ფარგლებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გამოეხატა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ისტორიულად ევროპის გზა გვაქვს არჩეული და ეს არის ჩვენი კულტურული, გეოპოლიტიკური არჩევანი, სამწუხაროდ, ადამიანებმა არ არჩიეს ქუჩაში დგომა. ალბათ, ცოტა უფრო სხვანაირად უნდა ყოფილიყო ეს დაგეგმილი, მაგრამ რაც არის, ეს არის. საქმეს ეს არ აფუჭებს, საქმე გაფუჭებული არ არის, როგორც ზოგიერთს ჰგონია. როგორც უკვე აგიხსენით, ყველა ძალისხმევა, რომელიც ყველა სამინისტროს ჩართულობით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩართულობით, პრემიერის ხელმძღვანელობით გატარდა, ეს ძალისხმევა, რასაკვირველია, ჩვენ გვჯერა, რომ შედეგს მოიტანს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება