fbpx

ტვ „პირველის“ ოპერატორსა და ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი – 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი; ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია