“ადამიანი, რომელიც „სიკვდილისთვის იყოს განწირული“ და თითქმის ორი წლის წინ უნდა „მომკვდარიყო“, ცოცხალია, კარგად არის და საქართველოში რევოლუციისთვის იბრძვის,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ რომ არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ქართველი თუ უცხოელი ლობისტები შეგნებულად აბუქებდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა, რომ კლინიკა “ვივამედმა” სასწაული მოახდინა.
“დღეს ძალიან ბევრჯერ ახსენეს სააკაშვილის სახელი, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ მასთან შეხვედრას. ამიტომ, არ შემიძლია იმ საოცრებას არ გამოვეხმაურო, რაც „ვივამედში“ ვიხილეთ, როცა ადამიანი, რომელიც „სიკვდილისთვის იყოს განწირული“ და თითქმის ორი წლის წინ უნდა „მომკვდარიყო“, ცოცხალია, კარგად არის და საქართველოში რევოლუციისთვის იბრძვის. მან „დაამარცხა“ ისეთი დაუძლეველი დაავადებები, როგორიც არის: დემენცია, კახექსია, ფსიქიატრიულ ნოზოლოგიათა ფართო სპექტრი და გასტროენტეროლოგიურ პრობლემათა არანაკლებ ფართო სპექტრი.
რომ არ ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი მოგონილი თემა იყო და სააკაშვილის ქართველი თუ უცხოელი ლობისტები მის დაავადებას შეგნებულად აბუქებდნენ, ვიტყოდით, რომ მართლა სასწაული მოხდა და ეს სასწაული „ვივამედის“ დამსახურებაა, თუ იმისა, რომ ეს ჩვენი ოპოზიცია მასთან არ შედის, ეს ნამდვილად არ ვიცი. კარგი იქნება გააგრძელოთ ეს პოლიტიკა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათი შესვლა პაციენტის მდგომარეობას ამძიმებს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.