საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ქვეყანაში მასშტაბური არეულობის დროს სოციალური ქსელების დროებით და შერჩევითად დაბლოკვის ინიციატივით გამოდის.
მისი განცხადებით, მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს კონკრეტულ ტერიტორიებზე სოციალური პლატფორმების ხელმისაწვდომობა შეზღუდოს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
იგი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას ძალადობრივ არეულობასა და მაროდიორობაში.
„სახლში მყოფი ახალგაზრდები ხედავენ, როგორ გადიან მათი მეგობრები ქუჩაში ძარცვისთვის და როგორ რჩებიან დაუსჯელები. ისინი ამ ყველაფერს სოციალურ ქსელებში უყურებენ, შემდეგ კი თავადაც გადიან ქუჩაში“, – განაცხადა ატალმა.
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალური ქსელების შეზღუდვა მხოლოდ დროებითი უნდა იყოს და გავრცელდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც არეულობა მიმდინარეობს.
გაბრიელ ატალი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს, აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთში შაბათ-კვირას მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ გამოვიდა.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ გაბრიელ ატალის წინადადების განხორციელებას, შესაძლოა, სამართლებრივი დაბრკოლებები შეექმნას. 2024 წელს, როდესაც ატალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ახალ კალედონიაში „ტიკ ტოკთან“ წვდომა დაბლოკა. მოგვიანებით, საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უფლებებისა და თავისუფლებების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებდა. საბჭოს შეფასებით, ინიციატივა არასრულწლოვანთა გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავდა.
გამოცემის ცნობით, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის მსგავსი შეზღუდვები უფრო ხშირად გამოიყენება ჩინეთში, ირანსა და რუსეთში, ასევე, ინდოეთში. ზოგიერთ ამ ქვეყანაში გარკვეული პლატფორმები მუდმივად დაბლოკილია, ხოლო საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლება ზოგჯერ ინტერნეტზე წვდომასაც მთლიანად ზღუდავს.