fbpx

როცა ყაზბეგში ჩვეულებრივად მუშაობს სასტუმრო, რატომ არის აკრძალული ბაკურიანში, გუდაურში სასტუმროების მუშაობა-კახა კახიშვილი

ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის შესახებ ჰკითხა. 

იგი ასევე დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით ჩაითვალა გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძის უღელტეხილი ზამთრის კურორტებად და აიკრძალა იქ სასტუმროების მუშაობა, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასტუმროების მუშაობა დაშვებულია.

„გრადაციის კუთხით ჩემთვის ბევრი რამეა გაურკვეველი და იქნებ გაგვარკვიოთ. გრადაცია არის ჩემი აზრით ცოტა უაზრო. მაშინ, როცა ყაზბეგში ჩვეულებრივად მუშაობს სასტუმრო და ის არ მიეკუთვნება სამთო-სათხილამურო კურორტებს, რატომ არის აკრძალული ბაკურიანში, გოდერძზე, მესტიასა და გუდაურში სასტუმროების მუშაობა.

გაუგებარია, ყაზბეგში კოვიდი არ არის და აქეთაა კოვიდი? ასევე საუბარია იმაზე, რომ ამ კურორტებზე ამოქმედდება სასტუმროები და არ გაიხსნება სათხილამურო გზები. სად არის ლოგიკა? ადამიანი ჩადის ამ კურორტზე იმისთვის, რომ ტრასით ისარგებლოს. ასევე ვიცით, რომ ადამიანებს აღებული აქვთ კრედიტები და როცა ახლა თოვლია, ხომ შეიძლება მივცეთ საშუალება მუშაობის, რათა ერთი მხრივ მათ ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ, ხოლო მეორე მხრივ, ამ პანდემიის პირობებში მოქალაქეებს მივცეთ საშუალება სპორტული აქტივობით დაკავდნენ“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება