fbpx



როდესაც “იმედიდან” პოლიტიკური დირექტივით გამომაგდეს და სრულიად უიმედო, უპერსპექტივო, დავრჩი ქუჩაში, მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა

ამ მონოლოგით დაიწყო ინგა გრიგოლიამ გადაცემა,,რეაქცია,,

ჩემი გზა “ტვ პირველზე” დაიწყო 5 წლის წინ, როდესაც “იმედიდან” პოლიტიკური დირექტივით გამომაგდეს და სრულიად უიმედო, უპერსპექტივო, საყვარელი საქმის გაგრძელებას მოკლებული დავრჩი ქუჩაში. მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში წინადადება “ტვ პირველისგან”, რომელიც არც კი ვიცოდი ტელევიზორში სად უნდა მომეძებნა. შევხვდი ვატო წერეთელს, ადამიანს, რომლის მადლობელიც ვიქნები სულ ამ შანსისთვის, რომელმაც შემომთავაზა – აი თავისუფლების ტერიტორია და გააკეთე რაც გინდა. ვიფიქრე, რის მასშტაბი ჰქონდა მაშინ ამ საშინლად პატარა და უმასშტაბო ტელევიზიას. მოვიფიქრე პროექტი “დღის ამბები”. დღეში სამჯერ ვიჯექი ეთერში წელიწადზე მეტ ხანს. თავიდან რესპონდენტებს, როდესაც ვურეკავდი და ვთხოვდი ეთერში მოსვლას, იბნეოდნენ – იმდენად ვერ წარმოედგინათ გაგანია შუადღეს რანაირად შეიძლებოდა პოლიტიკური თოქშოუ. მერე პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ არ მომერიდება და ვიტყვი – თითქმის ყველა არხმა გადააკოპირა.

ასე დავიწყე ისევ ნულიდან და დღეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ არხის მფლობელს და უკვე დირექტორს ვატო წერეთელს იმ შანსისთვის, რაც მან მომცა და არა მხოლოდ მე. მადლობა მინდა გადავუხადო იმ თავისუფლებისთვის, რომელშიც ვმუშაობ და არა მხოლოდ მე. მადლობა მინდა გადავუხადო ურთულეს დროს მხარდაჭერისთვის და პროფესიულად გაცოცხლებისთვის. ერთხელ მოვყევი, როცა ოთახები არ გვყოფნიდა, კიბეებზე ვიჯექით, ლეპტოპი მუხლებზე გვედო და სამ გადაცემას ვწერდით, მერე ნელ-ნელა განვითარდით. ყველას წვლილი უზარმაზარია ამ ტელევიზიაში, ვისაც ოდესმე უმუშავია. ძალიან დიდია ყველას წვლილი და თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი ჩემიც.

ამ სივრცეში, სადაც მე ვზივარ არასოდეს არცერთი ჟურნალისტის თავისუფლება არ შეზღუდულა. არც არავის მოუთხოვია ვინმეს სტუმრების ან თემების შეთანხმება, ან მფლობელის ინტერესზე მუშაობა. ასეა დღესაც და ზუსტად ვიცი, ასე იქნება ხვალაც. ეს არის ჩემი პროფესიული ბედნიერება, ჩემი სრული თავისუფლება. ვაკეთებ იმას, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ვაშუქებ ისე, როგორც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ყოველგვარი ჩარევის, ცენზურის და ტანჯვის გარეშე.

მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. “ტვ პირველია” ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის მსგავსიც სხვა იშვიათად მინახავს. რომელიც ამ ხელებით გავზარდე მეც და რომელშიც მთელი ენერგია ჩავდე. ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე – დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე. ვერ მოგატყუებთ. რთულად გადავიტანე მათი წასვლა. იმდენად რთულად, რომ სიტყვებს მართლა ვერ ვპოულობ ჩემი სიტყვების სრულად გადმოსაცემად. რაც არ უნდა ვთქვა, ალბათ არ იქნება ის, რასაც მე ახლა განვიცდი. თავს არ მოგახვევთ ჩემს ნერვიულობას და რაც ახლა ჩემშია, ეს ყველაფერი ჩემი გადასატანია. მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს დიდ წარმატებას სხვა არხებზე. დიდ წარმატებას ვუსურვებ საკუთარ პროფესიაში, რომელიც მათთვის მუდამ თანამდევი იყო და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდეც. აქ დავასრულებ ამ თემას და აქ გავავგრძელებ ჩემ პროფესიულ ცხოვრებას, ჩემ საყვარელ ტელევიზიაში. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია “ტვ პირველი”, რომელიც შვილივით მიყვარს. ბოლო პერიოდში დიდი შტურმია ჩვენზე, გვიტევს ხელისუფლება, გვიტევენ “ტროლები”, “ბოტები”, მეფის კარის კლოუნები. ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან.

ერთხელ ამ სტუდიაში ვთქვი ეს სიტყვები – 2016 წლის 14 მარტს, როდესაც ლამის სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეთ პირადი ცხოვრების კადრებით რომ მემუქრებოდით. ახლაც იგივე სიტყვებს გავიმეორებ ზუსტად ამ სტუდიაში – შეაშინეთ ვინც შეგიშინებიათ. თქვენი მუქარები მეტად მესასაცილოება. გულწრფელად გეტყვით, შეცდომები ამ არხზეც დაგვიშვია და სხვა არხზეც. ამ შეცდომების გამო ცხარედაც გვიკამათია და გვიჩხუბია კიდეც. ალბათ კიდევ დავუშვებთ და გვაპატიეთ თუ ყოველთვის ვერ ვართ უშეცდომოები. უშეცდომო ადამიანი მე არ მეგულება. გვაკრიტიკეთ, ოღონდ ამოშანთვით ნუ დაგვემუქრებით. თუ როდესმე ვიგრძნობ, რომ ჩემ თავისუფლებას რამე ემუქრება, შეეცდება დამიბლოკოს, ხელი შემიშალოს ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ასევე გულწრფელად გეტყვით და არ დავმალავ. ამ ტელევიზიის ხიბლი იყო და იქნება სხვადასხვა გემოვნების ადამიანების მუშაობა, მათ შორის თუნდაც პოლიტიკურისაც. ხშირად ერთმანეთს არც ვეთანხმებით და ვკამათობთ, მაგრამ სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ამ ტელევიზიის ხიბლი.

მე აღარ ვარ ამ არხის დირექტორი. ესეც ჩემი თავისუფლებისთვის გადავწყვიტე, მაგრამ ამ არხის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი ვარ და ამ არხის უზომოდ დიდი პატრიოტი. ვისაც უხარია ამ ტელევიზიის წარმატებებიც და ვისაც ძალიან ანერვიულებს ამ ტელევიზიის ჩავარდნები. ისე კი, ვისაც “ტვ პირველის” ჩავარდნები და არც თუ სასიამოვნო ამბები ახლა გიხარიათ, გული უნდა დაგწყვიტოთ, ტყუილად გიხარიათ. თუ რატომ, ამაში თავად დარწმუნდებით. დიდი გეგმები გვაქვს, ამ არხზე უამრავი ადამიანი მუშაობს: თავისუფლები, ღირსეულები, პროფესიონალები, ამ ადამიანების მუშაობა ქმნის მთლიან ტელევიზიას. რაც შეეხება ხელისუფლების ბოიკოტს, თითქოს ახლა დაიწყო ახალი ადამიანების გადმოსვლის შემდეგ, არა მეგობრებო ბოიკოტი დაიწყო ბევრად უფრო ადრე და ნუ დავაბრალებთ არხის ახალ თანამშრომლებს. ხელისუფლებას მოვწონვართ თუ არა, ოპოზიციას მოვწონვართ თუ არა, ეს არ გვაღელვებს. მე პირადად მე არ მაღელვებს. ზუსტად ისეთივე თავისუფლებით გავაგრძელებთ მუშაობას როგორც აქამდე ვმუშაობდით. ისე 20 წელია ტელევზიაში ვმუშაობ და არავის უჩივლია ჩემს გადაცემებში ტყუილი ინფორმაციის გადმოცემის გამო არასოდეს მიმტკიცებია თეთრზე შავი და შავზე თეთრი. შემშლია კიდეც, სამარცხვინოდ მოუმზადებელიც შევსულვარ სტუდიაში, მაგრამ ტყუილი არასოდეს მომიგონებია გადაცემაში. ცილი არვისთვის დამიწამებია და ასე ვაპირებ გაგრძელებას. ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები, თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს. მოკლედ გინდა დაიჯერეთ, გინდ არა – არც “ნაცი” ვარ და არც “ქოცი”, სრულიად ნეიტრალური ადამიანი გელაპარაკებით ახლა. ნეიტრალური და უკიდეგანოდ თავისუფალი”,

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია