fbpx

რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეფასებითი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ პირობებზე, რომელიც ქვეყნებმა უნდა შეასრულონ.

საქართველო:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად
  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათი დამოუკიდებელი და ეფექტიანი ანგარიშვალდებულების, ასევე დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერება; საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებული ყველა ხარვეზის აღმოფხვრა
  • სასამართლო სისტემის რეფორმის 2021 წლის შემდგომი გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის საფუძველზე; სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის, სასამართლო ორგანოების ერთიან ქსელთან ერთად, უზრუნველყოფა და ასევე ხელისუფლების დანაწილების უზრუნველყოფა. კერძოდ, სასამართლო და პროკურატურის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს, სათანადო ფუნქციონირებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა და გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა, მათ შორის, ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის წარდგენის კუთხით; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება და უმაღლეს საბჭოში დარჩენილი წევრების დანიშვნა. ყველა გატარებული ზომა სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან და ვენის კომისიის რეკომენდაციებთან
  • ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღების მიზნით; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით და მათი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა
  • „დე-ოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულება – ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენიანი წრეების ჭარბი გავლენების აღმოფხვრის გზით
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საფრთხეების დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი პროცესის სკურპულოზურად ჩატარების, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისას/განაჩენების გამოტანისას ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით; სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა
  • უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, კვალიფიციური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია გარემოს შესაქმნელად, კერძოდ, მედიასაშუალებების მფლობელთა წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მაღალი სამართლებრივი სტანდარტებით წარმართვისა და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების სხვა წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევაში მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარების გზით
  • უფრო სწრაფი ზომების მიღება მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მოძალადე და ძალადობის ინიციატორ პირთა მართლმსაჯულების წინაშე უფრო ეფექტიანად წარდგენის გზით
  • ძალისხმევის გაძლიერება გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით
  • ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა
  • ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საქართველოს სასამართლოებს შესაძლებლობას მისცემს საქმის განხილვისას პროაქტიურად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები
  • უზრუნველყოფა იმისა, რომ ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) კანდიდატურის წამოყენებისას, უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი წარიმართოს ტრანსპარენტულად; სახალხო დამცველის სამსახურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია