fbpx

ნიკა მელია დაკავებულია

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა  ნიკა მელია  პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ. შეგახსენებთ, რომ  ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა,მელიამ სამაჯური საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ,ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაც დააყენა. დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ კი 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს,  ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება