fbpx

ნანა კაკაბაძე:ჭილყვავებივით მიესივნენ ეკლესიას და დაკორტნეს

ჭილყვავების პრაიდი

ცხრამუხის მონასტრის მონაზონის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ ძალადობაზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოზიცია და ამ გაუგონარი დანაშაულის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დაასახელა სამი ტელეკომპანიის მიერ წლების მანძილზე წარმოებული სისტემატური ანტიეკლესიური კამპანია მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის მიზნით.
ეს პოზიცია იყო აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობა, რადგან ისტორია იცნობს ანალიგიურ ფაქტებს, სწორედ ასეთი პროპაგანდის შედეგად მიაღწიეს ბოლშევიკებმა მასობრივი ათეიზმის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეკლესიების ნგრევას და ხატების ლეწვას.

ფაშისტურ გერმანიაშიც ასეთი პროპაგანდა უძღვოდა წინ ხოლოკოსტს. შორს რომ არ წავიდეთ, სოციალ-დემოკრატებმაც ხომ ანალოგიურად შეამზადეს ილიას მკვლელობა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ლოგიკურ ანალიზს, ფსევდოლიბერალებმა მოაყოლეს აბსოლუტურად არალოგიკური, ორკესტრირებული შტურმი. „თავისუფალი სიტყვის დამცველმა“ ფსევდო ჟურნალისტებმა, ვაი პოლიტიკოსებმა და ეგრეთწოდებულმა სახალხო დამცველმა საპატრიარქო დაადანაშაულეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო. ჭილყვავებივით მიესივნენ ეკლესიას და დაკორტნეს.

თურმე მხოლოდ ჟურნალისტებად წოდებულ კასტას და მათი კლანის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებით, რაც მათთვის მიუღებელი პირებისა თუ ინსტიტუციების ყოველდღიურად ლანძღაში და ცილისწამებაში გამოიხატება. მათთვის დასაშვებია განაცხადონ საპატრიარქო ამქვეყნად ყველაზე დიდი ბოროტებააო (ხათუნა სამნიძე), გაავრცელონ მოწოდებები საპატრიარქოს გადაწვის შესახებ და ა.შ. მაგრამ თუ პარტიულ ჟურნალისტებს ვინმე გააკრიტიკებს, ეს თურმე მიუტევებელი ცოდვა ყოფილა.
იცით ეს განცხადება მომავალში რამდენ უბედურებას მოიტანს, რამდენ დანაშაულს წაახალისებსო? – გაჰყვირიან ისინი. ვითომ მომავალს უფრთხილდებიან.

მათ არ მოსწონთ გარეშე პირმა შეაფასოს, რამ მოიტანა ის საზარელი რეალობა, როდესაც ვიღაც არაკაცებს შეუძლიათ თავისი ბილწი ქმედებებით შეურცხყონ რწმენაც, ადამიანობაც, კანონიც, მორალიც და ყველანაირი ზღვარი წაშალონ ცხოველსა და ადამიანს შორის.

ეკლესიის წინააღმდეგ ფსევდოლიბერალთა გააფთრებულ ბრძოლასაც თავისი მიზეზები და მიზნები გააჩნია. ისინი ოჯახებს ებრძვიან და მისი ჩანაცვლება სურთ გარყვნილებით, ეკლესია კი პირიქით, გარყვნილებას ცოდვად მიიჩნევს, და ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს მისგან განთავისუფლებაში, ეკლესია ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ქადაგებს, მორალური და ზნეობრივი ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს, ფსევდოლიბერალები კი მორალურ და ზნეობრივ გადახრას ნორმას აფასებენ. იმ ქვეყანაში, რომელშიც ეკლესიას 87% იანი ნდობა აქვს,მორწმუნეებს ბნელებს ეძახიან, ლგბტ და გეიპარადების მომწყობებს “პრადვინუტობად” აფასებენ და დასავლური ცხოვრების წესად წარმოაჩენენ.

აი, ეს და სხვა უგვანო ქმედებებია ფსევდოლიბერალების ნამდვილი სახე.

ცხრამუხის ტრაგედიამ ბიძგი მისცა სხვადასხვა ჯურის ჭილყვავებს მორალური პრაიდი მოეწყო ეკლესიის წინააღმდეგ და მუშტები ექნიათ – როგორ ბედავთ ხმის ამოღებას, ჩვენთვის რაიმეს შესახებ ბრალის წაყენებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, ლანძღვაც მხოლოდ ჩვენი პრეროგატივაა. ჩვენ შეგვიძლია, გინებაც, ცილისწამებაც, ყველა საშინელების თქვენთვის დაბრალებაც, მაგრამ თუ თქვენ თავდაცვის მიზნით ხმას ამოიღებთ, მაგის უფლებასაც არ მოგცემთ, რადგან ჩვენი მიზანია ან პირში წყალი ჩაიგუბოთ, ან თუ რამეს იტყვით, ჩვენ ყველა ბრალდებას უნდა დაეთანხმოთ, თავზე ნაცარი წაიყაროთ და მოინანიოთ, თორემ ხვალ და ზეგ უარეს უბედურებებს დაგაბრალებთო.
აი, ეს არის ფსევდოლიბერალების მორალური ტერორის ანატომია, რასაც ჩვენ ჭილყ-ვავების პრაიდი დავარქვით. მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისათვის ისეთივე მიუღებელია ასეთი ჭილყვავების პრაიდები, როგორც ქართული მართლმადიდებულური ეკლესიისათვის.წერს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება