fbpx

მადლობა, ბატონო რეზო, რომ არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას-თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი-ღრმა მწუხარება მინდა (და არა მხოლოდ – უნდა) გამოვხატო ბატონი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე, რომელიც, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხანგამოშვებით ჩაწერდა თავის მონოლოგს და იტყოდა… იტყოდა სათქმელს. ჰო, რა თქმა უნდა, ეს ისეთი სათქმელები იყო, რომელთან მიმართებაშიც, „მოდურ“ მავანს გამოხატვის თავისუფლება გამოყენებადი არ ეგონა, რადგან ეს თავისუფლება მხოლოდ ასეთ მავანთათვის შექმნილი ხილი ჰგონია ზოგს.

მაგრამ ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, ჩემი დღევანდელი სათქმელი გამოსამშვიდობებელი მადლობაა.
მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას და არაერთხელ კიდევ – მხარდამჭერი სიტყვების თქმას. ამ სიტყვებს უფრო შემოძახებად აღვიქვამდი, რაც ადამიანს, რაც არ უნდა „მაგას რა მოუვა“ იყოს, აუცილებლად სჭირდება.

უფრო მეტიც, თქვენ იყავით თქვენი თაობის იმ სულ რამდენიმე წარმომადგენლიდან ერთ-ერთი, ვინც პოლიტიკაში ჩართულ, უმცროსი თაობის ქალს ეტყოდა, რომ არ უნდა დაეცეს, ვინც იცოდა, რომ ხანდაზმულ ასაკში არა ახლის წამოწყების, არამედ – გადახედვისა და გადასინჯვის დროა, შენზე უმცროსის მხარდაჭერის დროა, და იმის გამხნევების დროა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, შენ რომ წახვალ… ამ ძალას ყველა ვერ პოულობს თავის თავში.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია