fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში, პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა

ამასობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად აღდგენილია ტურიზმი და იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდად უნდა დაელოდოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება სამართლიანი.

„ასევე გეტყვით, გახსოვთ, შარშან აპრილში ჩვენ  გვქონდა თითქმის 45%-ანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ აპრილში არ ველოდით ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს ჩვენ დადებითი დინამიკა, ზრდა გვაქვს აპრილშიც და ჯამში, 4 თვეში გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. გაზრდილია, სრულად აღდგენილია რომ იტყვიან, ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. ასევე, ექსპორტი იზრდება, ძალიან კარგი დინამიკაა; ბიზნესის ბრუნვაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ბიზნესსექტორის ზოგადად მთელი ბრუნვაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 38.6 მლრდ ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაზრდილია ბიზნესსექტორში, 8.2 % ეს არის დაახლოებით 50 000, ხოლო საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. ასევე გეტყვით იმას, რომ ზოგადად სიღარიბე, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა შეიძლება ითქვას ჩამოსული, ამ წლებში – 17.5% შეადგინა, ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს თუ არ ვცდები 38% იყო სიღარიბის დონე, 2012 წელს კი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელსუფლებაში 34 %. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ვიმეორებ –  მშვიდობა, მეგობრებო, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ყველა ერთად. ინფლაცია რა თქმა უნდა არის მთელ მსოფლიოში გამოწვევა, მაგალითად თურქეთში 73% იყო მაისში ინფლაცია. ევროპაში არის პიკზე, ისტორიული მაქსიმუმია ყველგან თითქმის, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, მოლდოვაში – 27% არის ჩვენს კოლეგა ქვეყანაში, ესტონეთში – 18%, რუსეთში – 17%, ბელარუსში -16%, მეზობელ ქვეყნებშიც არის ორნიშნა: აზერბაიჯანში -12.8% არის, სომხეთში – 9%-მდე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ყველა იმ რეფორმას, რომელზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოცირების დღის წესრიგშია ეს ყველაფერი შეტანილი და მინდა, ყველას ვუსურვო კიდევ და კიდევ გამარჯვება და წარმატება, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს,“- განაცხადა პრემიერმა.Attachments area

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია