fbpx

ირაკლი კობახიძე: ჩვენ რომ გავყოლოდით ეკა გიგაურის რჩევებს დღეს გვექნებოდა არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა

ეკა გიგაური ამბობს, რომ ჩვენ ხელოვნურად ვაღარიბებთ ხალხს. პასუხი არის მარტივი, პასუხი არის მათემატიკურად დადასტურებული, მათ შორის მსოფლიო ბანკის მიერ, სავალუტო ფონდის მიერ და ა.შ. პასუხი არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა შარშან და მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, ერთი თვე არ ყოფილა ზრდის გარეშე. „მთლიანობაში შარშან გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელსაც 7 თვის მონაცემებით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს არის მარტივი მათემატიკური პასუხი ამ სამარცხვინო სპეკულაციაზე, რომელიც მოვისმინეთ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, კულმინაცია იყო, როდესაც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობის გადადგომა მოითხოვა. „გამომივიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის ფორმირება. ამაზე მეტი პოლიტიკა არ არსებობს, ეს იყო კულმინაცია. ამას როდესაც აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში ის არის პოლიტიკური პარტია. ჩვენ რომ გავყოლოდით ეკა გიგაურის რჩევებს, დღეს გვექნებოდა არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა შესაძლებლობების გამოყენებისკენ და ომში ჩართვისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება