fbpx

ირაკლი კობახიძე: ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი

ორჯერ აგორდა ეს კამპანია, მარტში და ზაფხულში, იმასთან დაკავშირებით, რომ ის რამდენიმე ათეული ათასი რუსი ტურისტი, რომელიც შემოსულია საქართველოში, შეიძლება გახდეს რისკ-ფაქტორი ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო უწყებები პროცესს სრულად აკონტროლებენ და რისკები არ არსებობს.

„დამთავრდა ტურისტული სეზონი, მარტმაც გადაიარა, აგვისტომაც – არაფერი. რასაც ვამტკიცებდით, ის დამტკიცდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის სპეკულაციური კამპანია და ისტერიკა, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ნულოვან საფუძველზე იყო დამყარებული. ახლა ამ ისტერიკის მესამე ტალღას ვხედავთ. ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი. ამას ხომ არავითარი საფუძველი არ აქვს. სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ ყველაფერს და სახელმწიფო უსაფრთხოება არის საიმედო ხელში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ კამპანიის ავტორების მთავარი ამოცანა არის სამართალდამცავი უწყებების შერყევა, რადგან მათ იციან, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს საყრდენი სწორედ ეს სტრუქტურებია – შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება