fbpx

თბილისის მერი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე
გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა და შემდეგი
ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი
ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერის თქმით, მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები
სექტემბრისთვის დასრულდება.
„ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.
მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი
გადაკეტილი იყო და მიმდინარეობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება. ამ
ეტაპზე, ყველაფერი შეცვლილია: წყალი, გაზი, სანიაღვრე სისტემა მოწყობილია,
ჩამომსვლელი ქუჩები დაერთებულია სანიაღვრეზე, ასევე, გამზადებულია
ტროტუარები იმისთვის, რომ გარე განათების ხაზები მიწის ქვეშ განთავსდეს.
პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ქვედა ფენებში უკვე
მოწყობილია ეს კონკრეტული მონაკვეთი და ავტომობილებით გადაადგილება
თავისუფლად არის შესაძლებელი. უკვე დავიწყეთ მეორე მონაკვეთის
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის
ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაკეტილია. აქაც ანალოგიური ტიპის
სამუშაოები განხორციელდება – მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები
და ყველაფერი გაკეთდება უმაღლეს დონეზე. ვფიქრობთ, რომ სამუშაოების მეორე
ეტაპი აგვისტოს ბოლოს-სექტემბრისთვის იქნება დასრულებული და საგზაო
ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში მოწყობილი. უახლოეს მომავალში ვიწყებთ
ავლაბრის მოედნის განახლება-რეაბილიტაციას. პარალელურად, დაიწყება
მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ დროისთვის, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო
მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. აღნიშნულ მონაკვეთში,
მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. კერძოდ,
წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების სისტემები. ასევე, მოეწყო
სანიაღვრე ქსელი. გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა


ფენები. ტერიტორიაზე მოიჭრა დაავადებული ხეები, დასრულდა ფარნავაზის
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტროტუარებისა და გარე განათების ქსელის
მოწყობა, მიწისქვეშა ურნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი
მოსაცდელების მონტაჟი. ასევე, ტერიტორიაზე გაგრძელდება გამწვანების
სამუშაოები, რომელიც გამზირსა და მის მიმდებარე ფერდებზე ხე-მცენარეების
დარგვას ითვალისწინებს.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, რომელიც უკვე დაიწყო, სარეაბილიტაციო
არეალი მოიცავს თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო
მონაკვეთს, სადაც ანალოგიურად, ფუნდამენტური სარეაბილიტაციო სამუშაოები
განხორციელდება.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ
ელისაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და
საკრებულოს დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია