fbpx

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერია, კომიტეტის წევრები, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დაესწრნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ ვეტერანს სამშობლოს ერთგულებისთვის და თავდადებისთვის. „ ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ვეტერანებო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულო შვილებო, მოგესალმებით და ყველას გილოცავთ ვეტერანის დღეს, რომელიც ქვეყნის ყველა იმ ღირსეული შვილის დღეა, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისთვის იბრძოდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა და სამსხვერპლოზე მიჰქონდა თავისი ყველაზე სანუკვარი_საკუთარი სიცოცხლე.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რამეთუ ის თვითონ იყო შემოქმედი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნისა. ამავე დროს, სახელმწიფოს აქვს პოზიცია, რომ ვეტერანების ის რესურსი და პოტენციალი, რომელსაც სტრატეგიული სამობილიზაციო სარეზერვო რესურსი ჰქვია, გამოყენებული იყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიასა და თავდაცვის უზრუნველყოფაში. მე მესმის, რომ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ, რომ საკმაოდ ბევრი გამოწვევაა ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთობლივად, ერთიანი ძალისხმევით და თანადგომით ჩვენ უდავოდ შევძლებთ იმ შედეგების მიღწევას და იმ სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომლებიც ჩვენს წინაშეა დასახული.”

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ 22 ლარიანი სუბსიდა ვეტერანებს იანვრიდან 5 ჯერ გაეზრდებათ.

„ ვეტერანებო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. გულითადად ვულოცავ ვეტერანის დღეს სხვადასხვა თაობის ვეტერანს, ვინც, მეორე მსოფლიო ომსა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა და მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა მოპოვებისთვის. დღეს, თქვენთან, მთელს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებთ იმ გმირ თანამებრძოლთა ხსოვნას, რომლებიც ოჯახებს ვერ დაუბრუნდნენ, ვინც ყველაზე ძვირფასი_ საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. საზოგადოების განვითარების საზომი არის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იანვრიდან, 5 ჯერ გაიზრდება.კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას გიხდით სამსახურისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას.“

ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა: „ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს დღე ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ვეტერანებმა მოგვიყვანს ჩვენ დღემდე და ამისთვის ჩვენ ვართ უაღრესად მადლიერი. ბატონმა კობამ ბრძანა, რომ სახელმძღვანელოები მზადდება, ასევე ვეტერანების ჩართულობა სასწავლო პროცესში და სკოლებში. მე ვისურვებდი, სწორედ ეს დღე გახდეს დღე, როდესაც სასწავლო დაწესებულებებში იქნება ვეტერანის დღე. მათ მიეცემათ საშუალება, რომ მივიდნენ სკოლებში და თვითონ გააცნონ ახალგაზრდებს რას ნიშნავს ვეტერანობა, რას ნიშნავს ეს სულისკვეთება და პატრიოტიზმი.

ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი. თქვენ გაიგივებული ხართ არა მხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთან. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც არ სცემს პატივს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება, ჯარის დაფასება. ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას.

თქვენი გამოცდილება და თქვენი პროფესიონალიზმი არის ის, რაც სჭირდება ჩვენს თანამედროვე ჯარს, ქვეყანას და საზოგადოებას. ეს პატრიოტიზმი არის ის, რაზედაც ვდგევართ ჩვენ. კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ, ქედს ვიხდი დაღუპული ვეტერანების წინაშე. მინდა ასევე, მადლიერება გამოვხატო თქვენი ოჯახების მიმართ, რომლებიც არიან ნაწილი თქვენი ბრძოლის და შემართების. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.“

.”ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, წარვსდგე თქვენს წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, თავგანწირვით პატრიოტიზმით აკეთებენ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის და გამთლიანებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა, თქვენს ოჯახებს. მე თვითონ წარმოვადგენ ოჯახს, სადაც მამა ვეტერანია და ძალიან კარგად მესმის, რაც არის ის უმძიმესი წუთები განშორების და მოლოდინის, როდის დაბრუნდება ოჯახის წევრი თავისი მოვალეობის შესრულებიდან, რომელსაც ის ასრულებს ქვეყნის და ოჯახის წინაშე. იმ ნათელი მომავლის წინაშე, რომლისთვისაც იბრძოდა თითოეული თქვენთაგანი და დღესაც იბრძვიან ჩვენი ბიჭები.

არ შეიძლება პატივი არ მივაგოთ, ქედი არ მოვიხაროთ იმ დაღუპული გმირების წინაშე, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან. დღეს საქართველოს 20 % ჯერ კიდევ ოკუპირებულია. უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობისთვის ის თავგანწირვა, რომელიც თითოეულმა თქვენთაგანმა გაიღეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მინდა თითოეულ თქვენთაგანს გისურვოთ ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები.”_ აღნიშნა თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ.

დღესვე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ომის ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ; აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შემადგენლობას, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მტერს პირველი წუთებიდანვე გაუწიეს მედგარი წინააღმდეგობა, ვეტერანის სტატუსი ვერ ენიჭებოდა, მაშინდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო ქმედების გამო, რომელმაც ყოველგვარი მივლინების, ოფიციალური განკარგულების გარეშე, გააგზავნა ისინი საომარი მოქმედებების ზონაში; ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონი, უზღუდავს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აღნიშნული კატეგორიების პირებისათვის სტატუსის მინიჭებას, რის გამოც, ეს ღირსეული შემადგენლობა, ვეტერანის სტატუსის მიღმა აღმოჩნდა, რაც უდაოდ, დისკრიმინაციას წარმოადგენდა. მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე არსებული სირთულეებისა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით და ძალოვანი უწყებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, მიღწეულ იქნა სამართლიანი შედეგი და დღეს, შსს-ს 126 დამსახურებული წარმომადგენელი უკვე ვეტერანთა ღირსეული ოჯახის წევრია.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია