fbpx

ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე შენიშვნები არ არის


საქართველოს პარლამენტმა დღეს ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით დასკვნაში ნათქვამია, რომ ის არის ნამდვილად უკრაინული, ამასთან ვენეციის კომისიას არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია იმაზე, რომ საქართველომ აღნიშნული კანონი მიიღოს.

„თუკი ევროპაზე უნდა ვინმეს საუბარი, ამაზე უნდა ისაუბრონ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თითი თითზე არ დააკარეს იმისთვის, რომ 12 პუნქტის რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო, ასე რომ დროშის ფრიალის ნაცვლად, გულში აფრიალონ ეს დროშა და საქმე გააკეთონ.

როგორც იცით, ვენეციის კომისიას ჰქონდა სხდომა 10-11 მარტს, რომელზეც განხილული იქნა დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ასევე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებთან დაკავშირებით. ეს დასკვნები დღეს, სავარაუდოდ, აიტვირთება ვენეციის კომისიის ვებ-გვერდზე. ჩვენ ეს დასკვნები უკვე მოგვეწოდა წინასწარ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, აქ საუბარი იყო ორ საკითხზე, პოლიტიკურ დისკუსიაში, ერთი, რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი და მეორე, ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რომელიც არის უკრაინაში. ეს, რა თქმა უნდა, ჰგავს იგივე დისკუსიას, რომელიც ჩვენ გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი და არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა რომ კი და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მთავრობა, რაც გასაგებია, ვინაიდან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები. და მეორე, შეიძლება თუ არა საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვს რეკომენდაციები შემუშავებული, რომელზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როდესაც ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მეტად დასაზუსტებელი. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა და ა.შ. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. ამ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, პაპუაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიას არ აქვს შენიშვნა საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან.

„რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, რაიმე შენიშვნა ვენეციის კომისიას არ გააჩნია. ამასთან ერთად აქვს წინადადებები დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვენეციის კომისიამ იმსჯელა არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ, ზოგადად, შეაფასა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მისივე გამოცემული რეკომენდაციები და ამ ჭრილში განიხილა. აქვს დამატებითი რეკომენდაციები, რომლებზეც, ასევე, გვექნება მსჯელობა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ორივე პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა მომავალი კვირისთვის იქნება.

„როგორც იცით, ჩვენ ორივე პროექტი გავაგზავნეთ როგორც ვენეციის კომისიაში, ისე ეუთო/ოდირში და ვთხოვეთ ერთობლივი დასკვნა. ჩვენ თავიდანვე პასუხი გვქონდა ორივე უწყებიდან, რომ ცალ-ცალკე იქნებოდა დასკვნები, ამიტომ ველოდებით ორივე პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება ეუთო/ოდირიდან დასკვნები და როგორც კი იქნება ეს დასკვნა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი განაახლებს ამ პროექტებზე მუშაობას და ჩვენ ვაპირებთ, რომ მალევე დავასრულოთ ეს მუშაობა იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულდეს. რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენ, ფაქტობრივად, მომავალ კვირას განვიხილავთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას და ასევე, დავამტკიცებთ ადამიანის უფლებების სტრატეგიას. ამით მერვე და მეცხრე რეკომენდაცია შესრულდება. არის კიდევ ერთი საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, რომელსაც სჭირდება მინიმუმ 90 ხმა. აქ ჩვენ დამოკიდებულები ვართ ოპოზიციაზე და იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც, ნაცვლად ლოზუნგებით საუბრისა, გამოიჩენს სერიოზულობას და ამ რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება