fbpx

„ეს იყო ზეწოლა ამერიკის შეერთებულ შტატების დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. ეს იყო ამაზრზენი ფაქტი

​პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა. მან მოსამართლის შეხვედრა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთან და ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის გაცხადება სასამართლოზე ზეწოლად შეაფასა. ყოფილმა დეპუტატმა ამ თემაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ეს იყო ზეწოლა ამერიკის შეერთებულ შტატების დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. ეს იყო ამაზრზენი ფაქტი. მან [ჩხიკვაძემ] მაშინ ეს გადაიტანა და იქიდან გამომდინარე, რომ მართალი იყო, არანაირ რეპლიკა არ გააკეთა. ის რომ ახლა, ამ სიტუაციაში, როდესაც ანალოგიური რამ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან განმეორდა და ხდება ზეწოლა მეორე ინსტანციის სასამართლოზე, რომელმაც ეს საკითხი უნდა განიხილოს, ამით გადაეღობა, გადაუდგა თავის მეგობრებს, დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და თქვა ის, რაზეც თავის დროზე თავი შეიკავა“, – განაცხადა ხოფერიამ.

მისი თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„8 წელი ვიყავი პარლამენტის წევრი და არასოდეს მიგვიცია ჩვენი თავისთვის უფლება, მოსამართლისთვის მოგვეწოდებინა როგორი განაჩენი უნდა გამოიტანოს მან. და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი მიდის, სთხოვს მასალებს, „იბარებს ატჩოტს“. შემდეგ ამას მოჰყვება რეაგირება, ის, რომ მის მიმართ იყენებენ სანქციას, ანუ სჯიან. დასაჯეს, როგორც პატარა ბავშვი. ამას ამბობს ჩემი ქვეყნის მოსამართლე და ამის შემდეგ გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ქალბატონი დეგნანი და ამბობს, რომ ეს არის ტყუილი. ასეთი სიმძიმის არადიპლომატიური, არაპოლიტიკური, არაჰუმანური აქტი ჩემს ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა. ამას სჭირდება ხანგრძლივი მსჯელობა და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარკვეული პოლიტიკური და დიპლომატიური რეაგირება“, – განაცხადა ხოფერიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება