fbpx

ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ-ნინო გიორგობიანის ბრიფინგი

გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას.

ყოველდღიურად ხდება სამინისტროს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამ ყველაფრის მიზანი, ყველასთვის გასაგებია და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს, არის ერთადერთი – შესუსტდეს ნდობა უწყების მიმართ, იმ უწყების, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ყველამ კარგად იცის, თუ რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ჩვენს პოლიციელებს – სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს საზოგადოებრივი მართლწესრიგი და უსაფრთხოება.

განსაკუთრებით, ალბათ, აღსანიშნავია ეს ბოლო ერთი წელი, რაც პოლიციელები, კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მათგანი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობს. იცით, ალბათ, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს ახლად შეძენილი შვილები თვეების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები.

აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა, დაახლოებით 40 000 თანამშრომელი მუშაობს და რა თქმა უნდა, არის გადაცდომის ერთეული შემთხვევები, რაზეც სამინისტრო რეაგირებს და ამის შესახებ ინფორმაციას პროაქტიულად თავადვე ვაწვდით მედიას.

აღსანიშნავია, რომ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, აქტიურად ხორციელდება სხვა უწყებების მისამართითაც. ისევე როგორც მე, ჩემს კოლეგებსაც, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან, არაერთხელ მოუწიათ განცხადების გავრცელება მედიის არაერთ ტყუილზე.

დღეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ, რადგან თითოეული მათგანი რომ ჩამოვთვალო, ალბათ, რამდენიმე საათი იქნება საჭირო.

ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, შემდგომ ჩვენმა დეპარტამენტმაც დამატებით აუხსნა სიუჟეტის ავტორს, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა რეპორტაჟი. ეს იყო ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, თითქოს პოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. აქაც, ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე მტკიცებით ფორმაში გავიდა ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება. აგრეთვე, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.

დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შიდა ქართლის პოლიციის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემ თავად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავ განაგრძობდა ცრუ ინფორმაციისა და ფოტოსურათების ტირაჟირებას, იმ ფოტოების, რომელთაგან მხოლოდ ერთ ფოტოზე ჩანდა ჩემი კოლეგა.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც დასაწყისში აღვნიშნე, რომ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს და თუ რომელიმე ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხდება მისი სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არ შემიძლია, არ გავიხსენო მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ასეთი საკმაოდ ბევრია, თუნდაც ბოლო ფაქტი, როდესაც კასპში, შეიარაღებულ მოქალაქეს მძევლად ჰყავდა აყვანილი ორი პირი და საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა. მაშინ ყველა მედიასაშუალებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სანამ არ დასრულდა სპეცოპერაცია, ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაშუქებულა. ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს ცრუ ინფორმაციებზე რეაგირებას და სამინისტრო სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია