fbpx

დღევანდელი სახელმწიფო ნამდვილად ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს, კონკრეტული ძალები კი ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ ვინმეს აწამებენ და წამლავენ

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად გადაფარონ საქართველოს წარმატებები, რომელიც უკავშირდება მის ევროპულ მომავალს და წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ ვინმეს აწამებენ, წამლავენ და ვინმეს არ მკურნალობენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, დღეს საქართველო არის ის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს.

„მინდა როგორც ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, ასევე მოწინააღმდეგე მხარესაც, რომელიც ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ შთამბეჭდავ ტყუილთა ბურუსი რაც შეიძლება უფრო მძაფრი ყოფილიყო და საზოგადოებას ვერ გაეგო სიმართლე, თუ რა ხდებოდა მსჯავრდადებულ სააკაშვილის ირგვლივ, მივმართო: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე ყველა ძირითად უფლებას. დღევანდელ საქართველოზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც სახელმწიფო ნამდვილად ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. სამწუხაროდ, არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში ძალები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად გადაფარონ საქართველოს წარმატებები, რომელიც უკავშირდება მის ევროპულ მომავალს და წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ ვინმეს აწამებენ, წამლავენ და ვინმეს არ მკურნალობენ. იყო პრინციპული შეტევა სახელმწიფოზე. დააყენეს ერთადერთი მოთხოვნა, რაც უკავშირდებოდა სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გაყვანას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება