fbpx

დიდი ბრიტანეთის ელჩი – არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება

პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა, არ გვაქვს, – ასე პასუხობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, აქვს თუ არა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მსგავსი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ელჩის შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.

„პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რის გაკეთებასაც დიდი ბრიტანეთი, „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის, ნატო-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ცდილობს, არის რუსეთისთვის მაქსიმალური საფასურის დაწესება და პუტინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის მათთვის საჭირო დაფინანსების წყაროების ჩამორთმევა ამ უკანონო ომის საწარმოებლად. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ბანკებიდან 900 მილიარდ ფუნტზე მეტი აქტივები გაყინა. ჩვენ ვიმუშავეთ სხვებთან ერთად, რათა ისინი SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგვერიცხა. ჩვენ გავყინეთ 260 000 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი. გარდა ამისა, ჩვენ დავაწესეთ სანქციები 1600-ზე მეტ პირის წინააღმდეგ და შევზღუდეთ რუსეთთან ვაჭრობა კონკრეტულ სექტორებში. ეს ყველაფერი გამიზნულია ამ არაპროვოცირებული შეჭრის საფასურის დაწესებისა და პუტინის ომის მანქანისთვის სახსრების ჩამორთმევის მიზნით.

საქართველო თავის როლს ასრულებს ამ პაკეტში. მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად. ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება.

მაგალითად, ვითიბი ბანკი, სანქციების შესაბამისად, რამდენიმე დღეში დაიხურა. საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფინანსური სანქციები უზრუნველყონ. და ბოლოს, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობასა და სანქცირებული საქონლის შეზღუდვებს, ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან და თქვენს საბაჟო სამსახურთან ერთად, მუშაობს იმისთვის, რომ არ იყოს გაჟონვა და ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმაც განაცხადა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი პასუხი არის ის, რომ არსებობს სანქციების უპრეცედენტო პაკეტი და გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ ომისთვის პუტინისთვის უპრეცედენტო ხარჯების დაკისრებას. როგორც ვხედავ, საქართველო თავის როლს ასრულებს ამის დაცვაში და რა თქმა უნდა, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა საქართველო არ გახდეს სანქციებისგან თავის არიდების ადგილი“, – აცხადებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია