fbpx

დედაქალაქის მერმა ახალგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში
მდებარე N101-ე საბავშვო ბაღი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე
ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ
კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„2018 წლიდან დღემდე თბილისში 15-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა,
კიდევ 5 ბაღი მშენებარეა. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, რომ ის მაღალი
სტანდარტი, რომელიც ბაღებთან დაკავშირებით გვაქვს, მაქსიმალურად
შენარჩუნებული იყოს. ახალი ბაღი ყოველმხრივ კეთილმოწყობილია,
მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეზოში განთავსებულია
ატრაქციონები. ბაღი 300 ბავშვზეა გათვლილი. დღეს, ეპიდემიოლოგიური
სიტუაციიდან გამომდინარე, სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა
დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში სრულად
დაიტვირთება და მოემსახურება პატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია. შენობა აკმაყოფილებს
ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და
ადგილობრივ სტანდარტს – ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო
უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ვიდეოკონტროლი. ბაღს აქვს გამწვანებული
ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.
აღსაზრდელები N101 საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid-19-ის
გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით
მიიღეს. სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, სკოლამდელი აღზრდის ყველა
დაწესებულების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელმა და
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმაც დაათვალიერეს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია