fbpx

გარდაიცვალა საქართველოს თანამედროვე ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი რევაზ თევზაძე

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს თანამედროვე ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი სამეურნეო მოღვაწე და პედაგოგი, პროფესორი რევაზ თევზაძე.ბატონი რევაზი იყო მაღალი კომპეტენციის პროფესიონალი, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი საქართველოს წიაღისეული რესურსების ძებნა-ძიებისა და ათვისების საქმიანობას მიუძღვნა. 1955 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, 1964 წელს კი ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ,,კავკასიის ფერადი ლითონების ძიების“, ,,საქნახშირი-მადნეულ-ძიებისა“ და ,,საქგეოლოგიის“ სამმართველოს სისტემების გეოლოგიურ-საძიებო პარტიებში. უშუალო მონაწილეობას იღებდა და ხელმძღვანელობდა შაორის ქვანახშირის, მადნეულისა და ფოლადაურის ფერადი ლითონების, კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოების გეოლოგიურ – საძიებო პარტიებსა და კომპლექსურ ექსპედიციებს.1973 წლიდან ბატონი რევაზ თევზაძე „საქნავთობის“ მმართველად დაინიშნა, რომელსაც იგი 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი პროფესიონალიზმისა და უნარიანი ხელმძღვანელობის შედეგად ქვეყნის ნავთობის მრეწველობამ ამ პერიოდში არნახულ წარმატებებს მიაღწია: წლიურმა მოპოვებამ 3 მლნ ტონას გადააჭარბა, ხოლო საქართველოში ჯამურად წარმოებული ნავთობის დაახლოებით 95 % სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს იქნა მოპოვებული.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი რევაზის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ნავთობის მრეწველობის განვითარების საქმეში. მისი ძალისხმევისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების შედეგად, დარგი გადაურჩა გასული საუკუნის 90-იანი წლების დეგრადაციას. უფრო მეტიც, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უზრუნველყოფილ იქნა არსებულ საბადოებზე მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და უცხოური ინვესტიციების დაუბრკოლებელი შემოდინება ქვეყანაში, რასაც ხელი შეუწყო მისი მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებამ და მიღებამ საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს, რომელიც იმ დროისათვის, მთელი რეგიონის მასშტაბით, ყველაზე უფრო მოწინავე ტექნოლოგიურ დებულებებსა და რეგულაციებს აკანონებდა საქართველოს ნავთობის მრეწველობაში.ამავდროულად, ბატონი რევაზი 30 წლის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მისი ავტორობით მომზადებულია არაერთი სამეცნიერო სტატია, კრებული და აღმოჩენა, საინჟინრო-გელოგიური ხასიათის ანგარიში და პროექტი. განსაკუთრებულია ბატონი რევაზის დამსახურება დარგის სპეციალისტების და სტუდენტთა სწავლებისა და პროფესიული ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში, რომელთაც უშურველად უზიარებდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ახალგაზრდა თაობის მიმართ. ქვეყნის ნავთობის მრეწველობაში, მათ შორის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დღესაც საქმიანობს, ბატონი რევაზის მიერ აღზრდილი და დაწინაურებული მრავალი მაღალი კომპეტენციის მენავთობე სპეციალისტი.რევაზ თევზაძე არჩეული იყო მრავალი სამეცნიერო-საინჟინრო საზოგადოების წევრად და ხელმძღვანელად. მათ შორის, „საქართველოს ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების“ თავმჯდომარედ, „საქართველოს საინჟინრო სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების“ პრეზიდიუმისა და „საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების“ წევრად. იყო საინჟინრო აკადემიის, ენერგეტიკის აკადემიისა და ბუნებისა და საზოგადოების შესახებ მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. მინიჭებული ჰქონდა ,,საქართველოს დამსახურებული ინჟინრისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის საპატიო მუშაკის“ წოდებები, მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო პრემია, ჯილდო, ორდენი და მედალი, მათ შორის სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი, ღირსების ორდენი და სხვა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ღრმა მწუხარებით აღნიშნავს უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალის, კოლეგის, უფროსი მეგობრისა და მასწავლებლის ბატონ რევაზ თევზაძის გარდაცვალებას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება