fbpx

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გორში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ისრაელში მყოფი ნადიკო გოგინაშვილის და მისი  ემიგრანტი მეგობრების თანადაფინანსებით, გორში მდებარე ბავშვთა გასართობი ცენტრის “რიო” და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით, მოზარდებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიება დაიგეგმა.

გასართობ ცენტრ  „რიოს“ ხელმძღვანელის, ეკა შარაშენიძის განცხადებით, 1 ივნისის ღონისძიებაში შშმ პირი ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„85 ბავშვიდან 25 შშმ პირია, ნაწილი კი, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა. მათთვის ტკბილეულის გარდა, სხვადასხვა სახის საჩუქრები შევიძინეთ. შევისწავლეთ მათი მდგომარეობა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მოზარდებისთვის ტანისამოსსაც შევიძენთ. მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელში მცხოვრებ ემიგრანტებს, კერძო სექტორს, გორის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისა და თანადაფინანსებისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია რეგიონალური მარკეტების ქსელი “დეილი”. მათი თანადგომა სამაგალითოა. მე და ჩემი თანამოაზრეები პერმანენტულად ყოველთვის ვაწყობდით საქველმოქმედო აქციებს თუმცა, 1 ივნისი მაინც გამორჩეული დღეა ჩვენი პატარების გასახარებლად. დრო ჯერ კიდევ არის და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება ამ პროექტის განხორციელებაში შემოგვიერთდეს, ჩვენ მზად ვართ თანამშომლობისთვის“,-აცხადებს ეკა შარაშენიძე.

 ღონისძიებისთვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალური ადგილი უკვე შეარჩია, სადაც ინტელექტუალური და გასართობი თამაშების გარდა, პატარებისთვის კონცერტიც გაიმართება. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმევა სოციალური გარდერობი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება მიეცემა მიიტანოს ტანსაცმელი სოციალურად დაუცველი პირებისთვის.

ცნობისთვის, ისრაელში მყოფი ემიგრანტების ინიციატივით და დაფინანსებით აქამდეც არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელებულა და მომავალშიც გრანდიოზული პროექტები იგეგმება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია