fbpx

ანტიდასავლური და პრორუსული საქმე სწორედ დასავლური იდეებით შეფარულად კეთდება-ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე-პროდასავლურობის სახელით! დაარქვი დღევანდელ საქართველოში ნებისმიერ ნივთს, საგანს, მოქმედებას თუ გეგმას „დასავლური“, „ევროპული“, „ევროატლანტიკური“, „დემოკრატიული“ (რაც ერთმანეთის სინონიმებია) და უკვე კარგი ტიპიც ხარ, თანამედროვეც, „პრადვინუტიც“ და წარმატებაც გარანტირებული გაქვს. მაგრამ როგორც წესი, არავინ უფიქრდება, რეალურად რა არის დასავლური ღირებულებები და რა დგას ხშირად პროდასავლური რიტორიკისა და ქმედებების უკან. ჯერ იყო და 2004-2012 წლებში „დასავლურს, ევროპულს, ევროატლანტიკურს და დემოკრატიულს” ეძახდა ხელისუფლება მოქალაქეთა განკულაკებას, ბიზნესის რეკეტს, პროკურატურის უკიდეგანო დომინირებას სასამართლოზე, პატიმართა სისტემურ სადისტურ წამებას, მედია საშუალებების მონოპოლიზებას, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან დათხოვნებს და სხვა ბოლშევიკურ ქმედებებს. შემდეგ, როდესაც ამ ყველაფრის შემოქმედებს ხახვივით შერჩათ ყველაფერი, საკუთარი „დემოკრატიულობისა“ და „დასავლურობის“ მტკიცება უკვე დასავლური სტრუქტურების წარმომადგენელთა დახმარებით სცადეს. გამოუვიდათ კიდეც, რადგან დასავლეთის ასეთმა წარმომადგენლებმა თავიანთი უვიცობით, გულუბრყვილობით თუ ყველაფერზე შეგნებულად თვალის დახუჭვით ხელი შეუწყვეს ქართველი ნაცბოლშევიკების ჯერ რეანიმაციას, ხოლო შემდეგ რეაბილიტაციას. ამის შედეგია, რომ დასავლეთის სახელით ხდება დღეს დამნაშავეების შეწყალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის იძულება, ამნისტიის მიღების მოთხოვნა სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ და პოლიტიკას თავშეფარებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ, ისეთი კანონების მიღების მოთხოვნა, რომლებიც თვითონ დასავლური სამყაროსთვის წარმოუდგენელია, მაგრამ „პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან“ გამომდინარე, ჩვენნაირი ქვეყნისთვის შესაძლებელია, რადგან ჩვენ ხომ მაინც ყველაფერს შევასრულებთ. მაგალითად, თუ აშშ-ში საკანონმდებლო ორგანოზე თავდამსხმელები დამნაშავეები არიან, ხოლო მათი მომგერიებელი პოლიციელები – გმირები, ჩვენთან პირიქით არის, თუ გენერალური პროკურორები ან საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები სხვაგვარად ინიშნებიან, ჩვენთან ისინი აუცილებლად 2/3-ის უმრავლესობით უნდა აირჩეს და ა. შ. ასევე დასავლურ ღირებულებებს მიეწერება პოლიტიკას თავშეფარებული კრიმინალების პარლამენტში შერეკვა, ნებისმიერი ცილისწამების ლანძღვაგინების, შეურაცხყოფისა და ამორალობის დასაშვებობა, ლეგალიზაცია და წახალისება. როდესაც ამ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები უყურებენ და მათ ეუბნებიან, აი, ეს არის „დასავლურობა“, „ევროპულობა“, „ევროატლანტიკურობა“, „დემოკრატიულობა“, ბუნებრივია, რომ ამით მათ სწორედ დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ განაწყობენ. ამიტომ ჩვენმა დასავლელმა კეთილმოსურნეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც უნდა კეთილი ზრახვებით მოქმედებდნენ ისინი („ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაც ხომ კეთილი ზრახვებით არის მოკირწყლული“) და დასავლური სამყაროს ეგიდით რაც უფრო არაორდინალურ და უსამართლო მეთოდებს მიმართავენ ჩვენი კრიზისების მოსაგვარებლად, საბოლოო ჯამში მათი სწორედ ასეთი ქმედებები იწვევენ საქართველოს მოქალაქეებში ანტიდასავლური განწყობების გაძლერებას. ამიტომ ძალიან ხშირად საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სამქე სწორედ დასავლური იდეებით შეფარულად კეთდება. ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისათვის” სახელუთ: ნანა კაკაბაძე-უფლებადამცველი (დისიდენტი-პოლიტპატიმარი), გელა ნიკოლაიშვილი-ადვოკატი (დისიდენტ-პოლიტპატიმარი), თემურ ლომაია-უფლებადამცველი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება