fbpx

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ასეთი მაღალი დონის კომუნიკაცია ადასტურებს საქართველო-აშშ-ს შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას-დავით ზალკანიანი

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გამოითქვა იმედი, რომ ეს პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას  განაცხადა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ასეთი მაღალი დონის კომუნიკაცია ადასტურებს საქართველო-აშშ-ს შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს.

სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

მინისტრის თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას ნატო-ს ხელმძღვანელობასთან და ასევე ევროპელ პარტნიორებთან.

„ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები აფასებენ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა ამერიკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამ კონტექსტში საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაესვა ამერიკის მნიშვნელოვან როლს როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გამოითქვა იმედი, რომ ეს პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, საუბრისას ასევე განხილული იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და აღინიშნა აშშ-ის მეტი ჩართულობის მნიშვნელობა რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებისთვის.

„მათ შორის ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და გამოვხატეთ ჩვენი მხრიდან სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დეესკალაციის მიმართულებით, ბუნებრივია, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რასაც ემატება გლობალური პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური სირთულეები. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით სტაბილურობა, დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ ძალისხმევის მიმართვა, შესაბამისი რეფორმების გაგრძელება, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების როლი, ასევე არსებული პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ სრული ძალისხმევა მიმართული იყოს არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. შევთანხმდით მაღალი დონის კომუნიკაციასა და კავშირების გააქტიურებაზე, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული დღის წესრიგი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება