მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 4 თვეში, GCCA-ში – 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 246 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს – 61 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში – 60 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე – 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი – 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები – აჭარა 6 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.
მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 301 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 223, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 182, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 52, ხოლო სხვა დანარჩენზე – 77. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15 %.