GCCA-მ „მედიტექ-ჯორჯიას“ საქმე პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გააფორებით დაასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სამედიცინო-ესთეტიკური და ლაზერული აპარატურის რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, შპს „მედიტექ-ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში კონკურენტი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც საუბარი იყო აპარატის მწარმოებელსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. მომჩივნის შეფასებით, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და შესაძლოა, მომხმარებლებისთვის მცდარი წარმოდგენა შეექმნა, როგორც აპარატის ტექნიკური მახასიათებლების, ასევე მისი გამოყენების შედეგად გაწეული მომსახურების შესახებ.

სააგენტომ შეაფასა მოპასუხის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მათი შესრულება კანონის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნებოდა. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს დაევალა, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წაშალოს სადავო პუბლიკაცია და მომავალში არ გამოაქვეყნოს ან გაავრცელოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში, ისეთი ინფორმაცია, რომელიც ობიექტური და გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე ეჭვქვეშ აყენებს მომჩივნის ან ნებისმიერი სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტის მიერ რეალიზებული საქონლის მახასიათებლებს, წარმოშობას ან/და რეალიზაციის პირობებს.

პირობითი ვალდებულებების შეთანხმების მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოფხვრა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება