Foreign Policy რუსეთის პროექტის Arctic LNG 2-ის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორიც ყურადღებას მის დაფინანსებაზე ამახვილებს. Arctic LNG 2 ციმბირში, გიდანის ნახევარკუნძულზე ბუნებრივი აირის მოპოვებასა და თხევადი გაზის წარმოებას ითვალისწინებს. ივლისში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქალაქ მურმანსკში საზეიმო ცერემონიაზე უყურებდა თუ როგორ გაემგზავრა ციმბირისკენ 640 ათას-ტონიანი პლატფორმა, რომელიც პროექტის პირველი ნაწილი იყო.
„პლატფორმა, რომელზეც Arctic LNG 2-ის წარმოების ჯაჭვის ე.წ. მატარებელი იყო განლაგებული, დიდწილად საერთაშორისო ინვესტიციებითა და დასავლური ტექნოლოგით იყო აგებული. 2019 წელს, პროექტის სტარტისას, ფრანგულმა TotalEnergies ამაყად განაცხადა, რომ მისი ინტერესი პროექტში 21,6%-ს შეადგენს, ჩინელ და იაპონელ ინვესტორებთან ერთად (მას შემდეგ TotalEnergies-ში განაცხადეს, რომ პროექტს აღარ დააფინანსებდნენ). გიდანის ნახევარკუნძულის სიშორე და არქტიკის ცივი ზამთარი ნიშნავდა, რომ Arctic LNG-2-ს მსოფლიოს საუკეთესო ინჟინრები და მოწინავე ტექნოლოგიები სჭირდებოდა გაზის მიწიდან ამოსაღებად, სითხედ გარდასაქმნელად და ტანკერებზე ჩასატვირთად. ტურბინები პროექტისთვის ამერიკულმა ფირმამ Baker Hughes წარადგინა. გერმანიაში დაფუძნებულმა Linde პროექტს თბომცვლელები მიაწოდა, რომლებიც გაზის გასაციებლად არის საჭირო, ბრიტანულმა Hill & Smith-მა კი კრიოგენური მილები. იტალიურმა Saipem-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა კოორდინაციაში და ელექტროსადენების მიწოდებაში.
აპრილში ევროკავშირმა რუსეთში თხევადი გაზისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტი აკრძალა. ამის მიუხედავად, პროექტის პირველი ეტაპისთვის საჭირო ტვირთები ქვეყანაში დროზე ჩავიდა, რის შესახებაც პუტინმა მურმანსკში განაცხადა“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორის თქმით, გასული 9 თვის განმავლობაში დასავლური კომპანიების პროექტში ჩართულობის შესახებ მტკიცებულებები ანტიკორუფციული მონაცემების კოლექტივმა არაერთ მედიასაშუალებას მიაწოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ Arctic LNG 2 მუშაობს ევროპიდან და აშშ-დან მიღებული აღჭურვილობის წყალობით, რომელიც რუსეთში უკრაინაში ომის მიმდინარეობის დროს ჩადიოდა. ტვირთები ქვეყანაში მას შემდეგაც ჩადიოდა, რაც ევროკავშირმა მის ექსპორტზე სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა და ეს ამ სანქციების ძალაში შესვლამდე გრძელდებოდა.
რუსეთის საბაჟოს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Arctic LNG 2-ის მშენებელმა კომპანიამ ევროპიდან 400 მილიონი დოლარის საფასურის აღჭურვილობის შემოტანა შეძლო.
„ევროკავშირის სანქციები ძალაში უფრო ადრე რომ შესულიყო ან დასავლურ კომპანიებს კონტრაქტების დაუყოვნებლივ გაწყვეტის ვალდებულება რომ ჰქონოდათ, წარმოუდგენელია, რომ რუსეთის პროექტის პირველი ნაწილი ამუშავდებოდა. სანაცვლოდ ნაწილების თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოტანა ძვირადღირებული და დროში უფრო გაწელილი იქნება, მაგრამ მომუშავე პირველი ეტაპი ამ ხარჯებს დააბალანსებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ასევე წერს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის სამიზნე რუსეთის სტრატეგიული პროექტები უნდა გახდეს.