fbpx

Covid-პასპორტი-ევროპაში მოგზაურობის ახალი წესები

ტურისტული სფეროს აღსადგენად, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა, ევროკავშირი შეიმუშავებს ერთიან დოკუმენტს პირობითი სახელწოდებით COVID-პასპორტი, რომელიც უსაფრთხოების სერტიფიკატის როლს შეასრულებს.

აღნიშნული იდეა, მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრ ჰარი კაპელის ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციით, COVID-პასპორტის შექმნა ევროკავშირის ქვეყნების ტურიზმის მინისტრების ვირტუალურ კონფერენციაზე შეთანხმდა.

„მინისტრები თანახმა არიან, შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით COVID-პასპორტი, რომელიც მთელი ევროკავშირის მასშტაბით იმუშავებს“, — განაცხადა კაპელიმ.

მისი თქმით, ახალი დოკუმენტი ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტით მოძრავ ტურისტებზე გაიცემა, იქნება ეს ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი თუ საზღვაო ხომალდი.

თავის მხრივ, ხორვატია მზადაა, მაისის ბოლოს ნაწილობრივ გახსნას საზღვარი ზოგი ქვეყნიდან ჩასული ტურისტებისთვის.

ხორვატიის პოზიციას მხარს უჭერენ ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი, რომელთა ეკონომიკებიც ძალიანაა დამოკიდებული ტურისტების რაოდენობაზე.

ევროპამ კორონავირუსული პანდემიის გამო საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვები ძალაში მაისის შუა რიცხვებამდე რჩება. ამასთან, მანამდე განიხილებოდა ტურიზმის სექტემბრამდე აკრძალვის საკითხი, თუ COVID-19-ის მეორე ტალღის საფრთხე გაჩნდება.

უნდა ღინიშნოს, ისიც რომ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ეს იდეა რამდენიმე ხნის წინ გააჟღერა და სწორედ ამ გზით აპირებს ქვეყანა, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტებს უმასპინძლოს. ფრენების აღდგენა ივლისის თვეშია მოსალოდნელი.

ევროკავშირის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, რომ წარადგინოს გაკეთებული ტესტის პასუხი. მაგალითად, თუ გერმანიის მოქალაქეს საბერძნეთში შემოსვლა მოესურვება, კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთოს გერმანიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა გამომგზავრების უფლება.

ამ ეტაპზე საუბარია სწორედ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგან წინასწარი პროგნოზებით, ევროპის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების საბერძნეთში შემოსვლა არ არის მოსალოდნელი.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სახელდება კორონავირუსის თვალსაზრისით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება