fbpx

ComCom-ის წევრმა ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების დირექტორის მოადგილეს კომისიის პროექტები და მიზნები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) გენერალური დირექტორის მოადგილესთან, კამილა კლოცთან შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორის მარეგულირებელი გარემოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კუთხით, კომისიის მიერ განხორციელებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების გაცნობას ემსახურებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტს, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას და ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნას ისახავს მიზნად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკატერინე იმედაძემ კამილა კლოცს პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით მიმდინარე პროცესი. გარდა ამისა, ეკატერინე იმედაძემ ComCom-ის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლის ორგანოში (BEREC) გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც, კამილა კლოცმა ეკატერინე იმედაძეს ComCom-ის განაცხადთან მიმართებით ევროკომისიის დადებითი პოზიცია და მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე ComCom-ის წევრმა საერთაშორისო დაკავშირებადობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით, საქართველოს აქვს ამბიცია რეგიონული ციფრული ჰაბი გახდეს. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამაში – „Connecting Europe Facility”-ში მესამე ქვეყნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ თემებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პოტენციურ სფეროებზე შეჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან დაახლოების მიზნით, სექტორის წარმომადგენელ ევროპულ ორგანოებთან თანამშრომლობა, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ჩართულობისა თუ კონსტრუქციული უკუკავშირის მიღება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება