fbpx

ComCom-ის წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის ევროპული დიალოგის ფარგლებში სესია გამართეს

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის სართაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა – ნინი გრძელიშვილმა და მზია გოგილაშვილმა, 2024 წლის ინტერნეტ-მმართველობის ევროპული დიალოგის (EuroDIG-2024) ფარგლებში გამართეს სესია „დაკავშირებადობის დერეფნები ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს, ასევე ევროპასა და აზიას შორის“.  სესიას მოდერირება გაუწია ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, ხოლო მისი ონლაინ მოდერატორი ეკატერინე იმედაძე იყო. შეხვედრაზე კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, საქართველოს გამოცდილებისა და ციფრულ ჰაბად ქცევის პოტენციალის შესახებ, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

პანელურ სესიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტელეკომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო თვალავაძემ; ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის (DG CNECT) ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, ფრანკო აკორდინომ და ამაზონის ვებ სერვისების ბიზნეს ინფრასტრუქტურის უფროსმა დეველოპერმა, ფრედრიკ კორსბახმა. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა დაკავშირებადობის დერეფნებისა და ტექნოლოგიური ჰაბების ტრანსფორმაციული პოტენციალი რეგიონული და გლობალური ციფრული ლანდშაფტების ჩამოყალიბებაში. მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ სახელმწიფოებს ჩაუყარონ საფუძველი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ინტერნეტ კავშირისა და ტექნოლოგიური ინოვაციების გაძლიერებით. გარდა ამისა, იმსჯელეს იმაზეც, რომ აღნიშნული რეგიონების პოტენციურ ციფრულ ჰაბად და მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად გადაქცევისთვის, საჭიროა არა მხოლოდ ციფრული ინფრასტრუქტურის ინოვაციური და ეფექტური მიდგომების შემუშავება, არამედ მათი უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა.

ინტერნეტ მმართველობის ევროპული დიალოგის მიზანს ინტერნეტისა და ინტერნეტ-მმართველობის თაობაზე ინფორმაციის გაზიარება, დაინტერესებულ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის წახალისება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიც არის: საყოველთაო ინტერნეტ მმართველობა, ხელმისაწვდომობის ევროპული აქტი, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა ციფრული ინკლუზიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის, განვითარებადი ტექნოლოგიები და მათი გავლენა გარემოზე და სხვა.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ციფრული სამყაროს ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა: მომხმარებელთა დაცვა და ინტერნეტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები; კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი და მისი საფრთხეები; ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის იდენტიფიცირების სტრატეგიები; არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოება და ციფრული უნარების განვითარება; ასევე, ევროპის კიბერუსაფრთხოების გაძლიერება; ინოვაციები და ეთიკასთან დაკავშირებული სხვა თემები.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება