რუსუდან შარაძე: გურამ შარაძე იყო ეროვნული ადამიანი, 1996 წლიდან, დაუპირისპირდა სოროსის ფონდს, “თავისუფლების ინსტიტუტს”, “რადიო თავისუფლებას”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, “კავკასიურ სახლს” – არ არსებობდა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ შეხებოდა

გურამ შარაძე იყო ეროვნული მოღვაწე, ეროვნული ადამიანი. 1996 წლიდან, დაუპირისპირდა ჯორჯ სოროსს, მის ფონდს, “თავისუფლების ინსტიტუტს”, “რადიო თავისუფლებას”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, “კავკასიურ სახლს”. არ არსებობდა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ შეხებოდა, – ამის შესახებ ქართველი მეცნიერისა და ფილოლოგის, გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გურამ შარაძე იბრძოდა სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებისთვის, პასპორტებში ეროვნებისა და მამის სახელის აღდგენისთვის, ისევე როგორც ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისთვის. რუსუდან შარაძის განცხადებით, გურამ შარაძე იბრძოდა ეროვნული საგანძურის საზღვრებს გარეთ გატანის წინააღმდეგაც, რომელიც მისი მკვლელობიდან მალევე გაიტანეს, და განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის. “ის იბრძოდა სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებისთვის და იმ კაცთმოძულე სექტების წინააღმდეგ, რომლებიც სისხლს არ უსხამენ, დედა შვილს კლავს, შვილი – დედას და ა.შ. ის იბრძოდა პასპორტებსა და დაბადების მოწმობებში ეროვნების და მამის სახელის აღდგენისთვის, იბრძოდა ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისთვის, თუმცა, მუხლი არსებობდა, მაგრამ რომელიღაც ქვემუხლით არ იყო ამოქმედებული, ასე რომ, საქართველოს ყველა მოქალაქე არ იყო ვალდებული, სცოდნოდა ქართული ენა და ამის წინააღმდეგ იბრძოდა. რაც მთავარია იბრძოდა 400 ათასი ე.წ. თურქი მესხის საქართველოში ჩამოსახლებისთვის, იყო კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის უშუალო მოვალეობა იყო ეს და იყო წინააღმდეგი და მაშინ არც ერთი თურქი მესხი გარდა კვოტებისა და ქართული სანამ არ ისწავლეს, სანამ არ მოერგნენ აქაურობას, არ მიუნიჭებია მანამდე საქართველოს მოქალაქეობა. იბრძოდა ეროვნული საგანძურის გატანის წინააღმდეგ, რასაც აპირებდა ვინმე გუროვი, რომელსაც მთელი ჩვენი განძეულობა, ექვთიმე თაყაიშვილმა რაც სისხლით და ოფლით დააბრუნა და ტყუილად აბრალებენ, რომ იქ რაიმე დაკარგული იყო – არაფერი ყოფილა დაკარგული, ის განძი უნდა გაეტანათ და ორი წელი ემოგზაურა ამერიკაში, იქიდან რა ჩამოვიდოდა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის გარანტია უნდა ყოფილიყო და იქითა მხრიდან სახელმწიფო კი არა, ვინმე ქორ-ვაჭარი გუროვი. ეს საკითხი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ბოლოს, სასამართლოც მოუგო და არ გაატანა. როგორც მე მსმენია თავად მუზეუმის თანამშრომლებისგან, მოკლეს თუ არა მამაჩემი, გაიტანა ეს განძი. რაც მთავარია, იბრძოდა განათლების სისტემისთვის. რაც ჩამოვთვალე, ყველაფრის თავი და ბოლო არის სოროსი – სოროსი იყო ამ ყველაფრის დამფინანსებელი, განათლების სისტემა, მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი ხომ მოსპეს, რამდენი ინსტიტუტი გააუქმეს და თვითონ განათლების სისტემა მოისპო.” – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება