საუბარია ბერაიას კომენტარებზე და ამ დროს თეა წულუკიანის შეურაცხმყოფელი ტექსტები საერთოდ რეაგირების გარეშეა-რამაზ საყვარელიძე

,,იქსნიუსის,, ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე-

ქმნის თუ არა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები კანონში ჩაწერილი კეთილი სურვილების განხორციელების საფუძველს?

,,ისევე, როგორც აქამდე არსებული კანონმდებლობა მაუწყებლობის შესახებ არ გახდა საკმარისი სირთულეების დასაძლევად მედიაში და დადგა ახალი ცვლილების აუცილებლობა, ალბათ მომავალშიც დადგება იმის საჭიროება, რომ შეიქმნას უფრო მკაფიო მექანიზმები, უფრო საქმიანი მექანიზმები… ეს კანონი არ ქმნის იმის საფუძველს, რომ გატარდეს იქ ჩაწერილი კეთილი სურვილები. მე ორივე ხელით ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ აქ კეთილი სურვილები არის, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს კეთილი სურვილები ასე ადვილად განხორციელდეს“, – აცხადებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა 79-ხმით 3-ის წინააღმდეგ ოქტომბერში მიიღო.

როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

რამაზ საყვარელიძე,  რომელიც ,,ვარდების რევოლუციამდე“, როგორც  საპარლამენტო ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი, მედიის კანონზე მუშაობდა,  ამ კუთხით ღრმად ჩახედული ექსპერტია. მისი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას მაშინ მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია მიხელ სააკაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელთაც, აღმოჩნდა, რომ ისეთი მედია სჭირდებოდათ, როგორიც იყო  ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ,,რუსთავი 2“. სწორედ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს რამაზ საყვარელიძე, როდესაც ამბობს: ,,სფეროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი ყველაზე რთული კანონმდებლობა არის მედიის კანონმდებლობა. უნგრეთში 7 წელი ვერ მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი (ინტერესთა იმხელა დაპირისპირება იყო ამ კანონის გარშემო). ძალიან რთული კანონია მედიასთან დაკავშირებული კანონები სწორედ მაგიტომ, რომ ბევრი პოლიტიკური ძალის ინტერესში შედის მათზე ზემოქმედება“.

რამაზ საყვარელიძეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებები დიდ შედეგს მოიტანს, განსაკუთრებით, უხამსობის შემცირებისთვის მედიაში. ,,პარლამენტში სიძულვილის ენის გამოყენებაზე ატყდა ახლა ერთი ამბავი, საუბარია ბერაიას კომენტარებზე და ამ დროს თეა წულუკიანის შეურაცხმყოფელი ტექსტები საერთოდ რეაგირების გარეშეა. ესეიგი საზოგადოების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ოპოზიციური ნაწილი, პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიხედვით იძლევა რეაქციას და არა იმის მიხედვით, რეალურად სად არის შეურაცხყოფა და სად – არა. ამიტომ ეს სულ იქნება ჭიდაობის თემა. აი, მაგ ჭიდაობის თემაში დამარეგულირებელი მექანიზმის არ შემოტანა უკვე კანონის ხარვეზია“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე და განმარტავს: ,,კანონით უხამსობის თემა არის წამყვანი. რა არის უხამსობა? –  შეუძლებელია ეს განისაზღვროს.  ეს საკითხი ღიადაა დატოვებული. ვთქვათ, არ არის ამის განსაზღვრება ადვილად საპოვნელი, მაშინ მექანიზმი მაინც შექმნილიყო… მაგალითად, დასავლეთის სასამართლო სისტემაში ამგვარი საჭოჭმანო მომენტების არსებობას ემსახურება ის, რასაც საზოგადოებრივი მსაჯულები სასამართლოზე აკეთებენ. ეს მსაჯულები შეირჩევა ძალიან დელიკატურად, ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით და მათი თვალსაზრისის მიხედვით გამოაქვთ განაჩენი ამა თუ იმ მოვლენაზე, მათ შორის, ისეთ რამეებზე, რაზეც კანონში შეიძლება არ იყოს გაწერილი სიტყვა-სიტყვით. აქაც შეიძლებოდა შექმნილიყო ამგვარი საზოგადოებრივი ტიპის საბჭო, ჩვენ კი ვსაუბრობთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე, რომელიც, თუ არ ვცდები, 5 კაცისგან შედგება. 5 კაციანი კომისიის შემადგენლობა ძალიან ადვილი სამანიპულაციო ჯგუფია. და არ მესმის, რამ გამოიწვია ასეთ ასპექტებზე დაუფიქრებლობა? შესაბამისად, ძალიან ადვილად ატყდება ხმაური იმაზე, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება არის არასწორი, ანუ პოლიტიკურად მოტივირებული. აქვს ამ კანონს საიმისო ძალა, რომ დაუპირისპირდეს პოლიტიკურ ბრალდებებს? მთელ რიგ ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში შეყავთ ხოლმე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სწორედ იმიტომ, რომ იყოს გარკვეული პოლიტიკური ბრალდების მეხამრიდი. ამ ახალ ცვლილებებში ასეთი რამ არ არის. უნდა გაკეთებულიყო პარიტეტული საბჭო, სადაც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის რაოდენობრივი უპირატესობა“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

კითხვაზე – მაგალითად, ნიკა გვარამიას ცნობილი ფრაზა – ,,ჩაგიფსით ღვინოში, ნაბეღლავსა და ბორჯომში“, შეიძლება თუ არა განიხილებოდეს უხამსობად, რამაზ საყვარელიძე გვპასუხობს – რომ მისთვის ეს არის უხამსობა, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებულმა საზოგადოების რაღაც ნაწილმა ეს ფრაზა შეიძლება აღიქვას სიტყვის თავისუფლების ნიმუშად. ,,ამიტომ, უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელსაც ვერ შეედავება იგივე გვარამია. პორნოგრაფიაზეც კი არ არის ცალსახა პოზიცია მსოფლიოში, ვერ ამბობენ – რა არის პორნოგრაფია? მერე პირობითი ნიშნები აიღეს, რომ სიშიშვლე ჭიპამდე პორნოგრაფია არ არის და ჭიპის ქვემოთ – კი. ასევე – რა არის შეურაცხყოფა? რა არის უხამსობა? – ძალიან რთული გასარკვევი საკითხებია. საკანონმდებლო დეფინიციის მიცემა მაგ მოვლენებისთვის წარმოუდგენლად რთულია და ამიტომ იყენებენ ხოლმე საზოგადოების რაღაცა ჯგუფების ინტუიტურ წვდომას (როგორც ამბობენ), ოღონდ ამ ჯგუფებს უნდა ენდობოდეს საზოგადოების ყველა ნაწილი, როგორც ზემოთ ნახსენებ სასამართლოს მსაჯულთა ინსტიტუტს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე. მას წარსული გამოცდილება ალაპარაკებს, რომ ამდენ გაუგებრობაში გარკვევის სანაცვლოდ, ალბათ, ბევრ ადამიანს უფრო გაუადვილდება, რომ აღარ მიაქციონ კანონს ყურადღება და ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც ახლაა. ჟურნალისტი ნინო კაკულია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება