განსხვავებით მოპასუხე მხარისგან, როდესაც ისინი ყველაფერზე საუბრობდნენ, მაგრამ პასუხს არ სცემდნენ ჩვენ მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე, მე ახლა კონკრეტულ საკითხზე, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობ. ეს მოსწონს თუ არა მხარეს, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც არის დადგენილი ფაქტი. ფაქტი ის არის, რომ გურამ შარაძე სამი გასროლით, მათ შორის, ორი საკონტროლო გასროლით მოკლეს და ეს მკვლელობა მოხდა 2007 წელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელტა მიერ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გურამ შარაძის საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება, დღემდე აღნიშნული საქმის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, იმის გამო, რომ 2007-დან 2012 წლამდე, ხუთი წლის განმავლობაში, „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკონტროლებული ძალოვანი სისტემები მალავდნენ მტკიცებულებებს ან ყალბ მტკიცებულებებს ქმნიდნენ, გამოძიება გართულებულია.
„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ხელისუფლებიდან წავიდა, გურამ შარაძის საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, გურამ ხადარიას განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 2007 წლის მაისში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მეგის ქარდავამ მას მისცა დავალება გურამ შარაძის მკვლელობის განხორციელების მიზნით, დანიშნულ დროს თბილისში წაეყვანა მკვლელობის შემსრულებელი ორი პირი. აღნიშნული დავალების შესრულებაზე მან უარი თქვა, რის გამოც მეგის ქარდავამ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დღემდე საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ამავდროულად გამოძიება კვლავ მიმდინარეა. მაშინ, როდესაც 2007 წლიდან 2012 წლამდე გასული არის ხუთი წელი, როდესაც არ ჩატარებულა საკმარისად საგამოძიებო მოქმედებები და როდესაც გართულდა, რომ გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი, იმიტომ, რომ მათ ხელში რომ იყო ყველა ძალოვანი სისტემა და მათ შორის, როგორც მაგალითად გირგვლიანის საქმესთან, როგორც რობაქიძის საქმესთან, ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებებს ან აქრობდნენ, ან მალავდნენ, ან ყალბი მტკიცებულების შექმნის მცდელობები ჰქონდათ, ზუსტად ანალოგიურად, რა თქმა უნდა, გართულებული არის, შესაბამისი გამოძიება დასრულდეს საბოლოო ჯამში.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ ეს დასრულდეს, საზოგადოების, ოჯახის მიზანიც ეს არის, სახელმწიფოს მიზანიც ეს არის. ამავდროულად, როდესაც არაეფექტურად განხორციელებულა საგამოძიებო მოქმედებები, რაც სახელმწიფოს ვალდებულება იყო, იმ ძალისა, რომელსაც ავტოკრატიული რეჟიმი ჰქონდა შექმნილი და ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ყველა ძალოვან სისტემაზე, ეს მათ მიემართებათ არაეფექტური გამოძიების ჩატარებით. და რაც შეეხება კითხვას, როდესაც ისმება კითხვა: „რომელი ადამიანი არის ჩვენი ლიდერებიდან ბრალდებული ან მსჯავრდებულიო?“ – ადამიანები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მათ პარტიასთან კავშირი არ ჰქონდა და თუ მიხეილ სააკაშვილი დაკავშირებული არ არის „ნაცმოძრაობასთან“ – არ ვიცი.“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.