რუსუდან კოხოძე: „14 წლის ასაკიდან  სავალდებულოა პირადობის ელექტრონული მოწმობის ფლობა“

„თუკი უკვე 14 წლის არიან, რა თქმა უნდა, მათ უკვე მოეთხოვებათ აუცილებლად ჰქონდეთ პირადობის მოწმობა“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“.

მისი თქმით, პირადობის ელექტრონული მოწმობა არის მთავარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას,  ასევე მის მოქალაქეობას, მასზე არის მოცემული პირის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი,  სქესი და ა.შ. შესაბამისად, იმისათვის, რომ 14 წლიდან მოზარდებმა სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ პროცედურაში და ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ უკვე მოეთხოვებათ აუცილებლად ჰქონდეთ პირადობის მოწმობა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ფლობდეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტს. რაც შეეხება 14 წლიდან მისი ფლობის ვალდებულებას, ეს არის უკვე ის ასაკი, როდესაც ადამიანს უწევს სხვადასხვა ადმინისტრაციულ პროცედურაში მონაწილეობა, სხვადასხვა სერვისის მიღება და იმისთვის, რომ ამ სერვისების მიღება  შეძლოს დამოუკიდებლად, სრულფასოვნად, ამ შემთხვევაში, არასრულწლოვანზე გვაქვს საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. მაგალითად, ავიღოთ როდესაც უკვე ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის, ამ დროს აუცილებელია, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში – როდესაც სამედიცინო სერვისის მიღება სჭირდებათ კლინიკებში, ან თუნდაც, როდესაც იუსტიციის სახლში რომელიმე სერვისის მისაღებად მიდიან, თუკი უკვე 14 წელის არიან, რა თქმა უნდა, მათ უკვე მოეთხოვებათ აუცილებლად ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. როდესაც ადამიანი ხდება 14 წლის მას ექვსთვიანი ვადა აქვს, რომ აიღოს პირადობის მოწმობა“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“.

სააგენტოს თავმჯდომარემ პირადობის ელექტრონული მოწმობის ვადებზე საუბრისას განმარტა არასრულწლოვნების და სრულწლოვნების შემთხვევაში ვადების განსხვავების მიზეზი.

„საიდენტიფიკაციო დოკუმენტები განსხვავებული ვადით გაიცემა არასრულწლოვნების და სრულწლოვნების შემთხვევაში. სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობა გაიცემა 10 წლის ვადით, ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვანს – მათზე 4 წლის ვადით გაიცემა. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ არასრულწლოვნის ბიომეტრიული მონაცემები, ამ შემთხვევაში ფოტოსურათს ვგულისხმობ, უფრო მეტად ცვალებადია – სხვადასხვა ვიზუალი აქვს ადამიანს 14 წლის ასაკში და 18 წლის ასაკში.

პასპორტის ქონა, რა თქმა უნდა, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ასაკიდან -დაბადებისთანავე, თუმცა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქისთვის არის აუცილებელი, როდესაც ის იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომა არსებობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის – ისინი არ არიან ვალდებული ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა საქართველოში მცხოვრებ 14 წელს მიღწეულ და  შემდგომი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულოდ მოეთხოვებათ პირადობის მოწმობის ქონა“, – განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ.

სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, 14 წლის მოზარდს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე განაცხადის გაკეთება.

„პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე განაცხადის გაკეთება დღეს ძალიან მარტივია საქართველოში. როდესაც არასრულწლოვანს ეხება საქმე, 14 წლის ასაკამდე მას ესაჭიროება მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობა, განსხვავებით პასპორტისგან, პასპორტის შემთხვევაში ორივე მშობლის თანხმობა არის საჭირო, მაგრამ თუ 14 წლისაა, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებლადაც შეუძლია მოვიდეს. მას არ სჭირდება არანაირი დოკუმენტი, რადგან დაბადების მოწმობა და მისი დაბადების შესახებ ინფორმაცია  ჩვენთან ისედაც არის ხელმისაწვდომი.  ასევე შესაძლებელია პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე განაცხადი გააკეთოს მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა“, – აღნიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება