ჯანდაცვის მინისტრი, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, პირველადი ჯანდაცვისა
და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიება ტრადიციული მედიცინის სფეროში ეროვნული პოლიტიკის
შემუშავებისა და განხორციელების, ასევე გლობალური პერსპექტივებისა და
განვითარების საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა.
მიხეილ სარჯველაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ
ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება ქვეყნებს უფრო ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემების შექმნის
შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრმა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, ბოლო
წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
სისტემაში ამ რგოლის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„საქართველოს მიაჩნია, რომ ტრადიციული მედიცინის ჯანდაცვის სისტემებში
ინტეგრირება სამ ფუნდამენტურ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: მეცნიერულ
მტკიცებულებებს, პაციენტის უსაფრთხოებასა და ადამიანზე ორიენტირებულ
ზრუნვას.
ტრადიციულ მედიცინას შეუძლია, შექმნას დამატებითი შესაძლებლობები
ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის, რეაბილიტაციისა და
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მისი ინტეგრირება უნდა
ეფუძნებოდეს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დადასტურებულ
მტკიცებულებებს, მკაფიო პროფესიულ სტანდარტებსა და სათანადო
მარეგულირებელ ზედამხედველობას. ასევე მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო
თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კვლევების
შედეგების, რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და
ინტეგრირებული ზრუნვის ინოვაციური მოდელების გაზიარება ქვეყნებს
დაეხმარება ისეთი მიდგომების გამოვლენაში, რომლებიც ერთდროულად
შეესაბამება კულტურულ თავისებურებებს და ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას.
როდესაც ვალდებულებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავდივართ,
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ისეთი პირველადი ჯანდაცვის სისტემების
ჩამოყალიბება, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული
პრევენციაზე, ინკლუზიურობაზე, მდგრადობასა და მოსახლეობის
საჭიროებებზე რეაგირებაზე.
საქართველო კვლავ ერთგულია ამ გარდაქმნის პროცესის მიმართ და
მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის
ჩინეთთან და ჯანმო-სთან თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ
მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებულ
ჯანდაცვას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ჩინეთის დედაქალაქში, საერთაშორისო ფორუმში ჯანდაცვის მინისტრები,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები,
ტრადიციული მედიცინისა და ჯანდაცვის პოლიტიკის, ეროვნული თუ
საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პირველადი
ჯანდაცვის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებსა და სამოქმედო
გეგმებზე 2025–2034 წლებისთვის WHO-ს ტრადიციული მედიცინის
გლობალურ სტრატეგიის ფარგლებში იმსჯელეს.
ორდღიან ფორუმზე, სიტყვით გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების
ფორმატში, მონაწილეებმა განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების
შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, მომსახურების
ინოვაციური მოდელებისა ტრადიციული მედიცინის გამოყენებით. ასევე
ისაუბრეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინასა და ინტეგრირებულ
მედიცინაზე. იმსჯელეს იმ გზებზეც, რომელთა მეშვეობითაც ტრადიციული
მედიცინის უსაფრთხო და ეფექტიანი მომსახურება უკეთ ინტეგრირდება
ეროვნულ ჯანდაცვის სისტემებში.
საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.