საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ციფრული მმართველობის
სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შექმნილი ციფრული
მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი მუშაობას იწყებს.
ცენტრის საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით, ციფრული მმართველობის
სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტოს
თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო
გოზალიშვილი და ახლად შექმნილი ცენტრის თანათავმჯდომარე, კორეის
რესპუბლიკის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს (NIA) ინფორმაციული
ტექნოლოგიების გლობალური თანამშრომლობის დეპარტამენტის
აღმასრულებელი მენეჯერი კოჰ ტაეჯინი ესწრებოდნენ.
ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის ცენტრი ორი ქვეყნის
გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების,
სემინარებისა და ფორუმების ორგანიზებას და ციფრული მმართველობის
მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს
ხელს.
შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები,
სამომავლო გეგმები და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის
ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების
შესაძლებლობები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კოჰ ტაეჯინმა ციფრული მმართველობის
სააგენტოს სამუშაო სივრცე დაათვალიერა, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის
ძირითად მიმართულებებს და თანამშრომლებს შეხვდა.
ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნის საფუძველი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან
საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის გაფორმებული
მემორანდუმია, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის სექტემბერში პაატა სალიამ
და იუნ ჰო-ჯუნმა მოაწერეს.
მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ციფრული მმართველობის სფეროში
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და
ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებს ქმნის.
მემორანდუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელექტრონული სერვისების
ერთიანი პორტალის – my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება.
