საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

მასწავლებლის ეროვნული დღე ტრადიციულად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება