სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა სწავლის ხელშეწყობის მიზნით, გაფართოვდა ბენეფიციართა წრე. აქამდე წელიწადში ერთხელ 1 000-ლარიან დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ის სტუდენტები იღებდნენ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე იყო. ცვლილების შედეგად, მერიიდან 1000 ლარს მიიღებენ სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-მდეა. სიახლე დაინერგა მერიის განათლების პროგრამაშიც. პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც რომელიმე პროფესიულ სასწავლებელში მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან, აკადემიური მოსწრების შესაბამისად მიიღებენ დაფინანსებას:

კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, თეორიული სწავლის პერიოდში — 400 ლარს ყოველთვიურად;
ფრიადი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, თეორიული სწავლის პერიოდში — 500 ლარს ყოველთვიურად. პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი შესაძლებლობების რეალიზებას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას ემსახურება