აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს.
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მთის განვითარება ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით გოდერძის კურორტზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები – ცენტრალური გზის, სპორტული მოედნისა და სავაჭრო-სერვისული სივრცეების მოწყობა ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მთის საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად, გოდერძის უღელტეხილზე საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, დაგეგმილია ასევე, საქმიანი ტურიზმის განვითარების მიმართულებით ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვა, საკრუიზო და საავიაციო ტურიზმის განვითარება, ავიაექსპედიციებით საინვესტიციო პოტენციალის მქონე სუბიექტების დაინტერესება კერძო ავიაციის განვითარების პერსპექტივაში და სხვ. აღნიშნა აგრეთვე, რომ სახალხო და ტრადიციული ღონისძიებების ორგანიზებაც დამატებითი მოტივაციაა რეგიონის ზღვისპირა და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გაძლიერებისთვის.
სხდომაზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს. ახალ სასწავლო წელს ბათუმი ოთხი ახალი და ორი სრულად რეაბილიტირებული სკოლით ხვდება, ხოლო რეგიონში 2026 წელს სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 25 სკოლაში განხორციელდა. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით გრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. დასრულებულია ბათუმის მე-3, მე-12 და 26-ე საბავშვო ბაღების პროექტები, გონიოში კი – 250 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.
საგანმანათლებლო პროექტების პარალელურად, გრძელდება სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება. ე.წ. ოცნების ქალაქში შენდება 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ხოლო ახალი სკოლის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდა.
სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ხოლო სოფელ ერგეში კი სოციალური სახლი ფაქტობრივად დასრულებულია და ბინები მალე გადაეცემათ ბენეფიციარებს.
მთავრობის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის აჭარის რეგიონში წარმატებულად განხორციელებისთვის, შესაბამის უწყებებს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.
მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა