ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ფორუმი გაიმართა, რომელიც მონაწილეობითი პოლიტიკის საკითხებს ეთმობოდა.
ახალგაზრდული ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობის, სამოქალაქო ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.  ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორმა ნინო დოლიძემ წარადგინა პრეზენტაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლები.  ფორუმზე  საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე.
ფორუმის მეშვეობით შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიაში საჯარო პოლიტიკის საკითხებზე,  წარედგინათ საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები და ემსჯელათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე.
ფორუმის სამუშაო ნაწილი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეები თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავეს, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, შეიმუშავეს რეკომენდაციები და ინიციატივები.
ფესტივალი გაგრძელდება 12-13 აგვისტოს ღია სივრცეში, „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სცენაზე წარდგებიან ახალგაზრდების საყვარელი მუსიკალური ჯგუფები, ადგილობრივი ბენდები, DJ და აჭარის რეგიონის სკოლების ბენდები. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკალური და გასართობი პროგრამა, დაუვიწყარი ემოციები და უამრავი თავგადასავალი ელოდებათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება