


სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შეკრებილმა საზოგადოებამ გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ოთხი სამტრედიელი გმირი მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე დაიღუპა.
„აგვისტოს ომის დღეები ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული პერიოდია. დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. განსაკუთრებით ვიხსენებთ ჩვენს ოთხ სამტრედიელ გმირს — მარლენ ბარამიას, ავედიკ ლომიძეს, ლაშა თევზაძესა და ლევან მელქაძეს. მათი თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება არასოდეს მიეცემა დავიწყებას. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაში“, — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ