პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედიაში გავრცელებულ მასალაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ჩირქი მოსცხოს მთელ სამართალდამცავ სისტემას. დეპუტატმა გაიხსენა ძალადობრივი აქციები და თქვა, რომ რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციელების პროვოცირებას, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიცია ვალდებბულიც კია, მიიღოს შესაბამისი, პროპორციული ზომები: „პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ, სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები. რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები რომ დგანან“ – განაცხადა მაჭარაშვილმა. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ველზე საქმიანობა რაც შეიძლება სწრაფად, სამართლებრივად უნდა დასრულდეს. „რადიკალური ოპოზიცია არ ფიქრობს, რა მოჰყვება პოლიციის დისკრედიტაციას სამართალდამცავ სისტემაში, ძალოვან უწყებებში, შსს-ში, პოლიციელების ოჯახებში. ამაზე რომ ფიქრობდნენ, აქციებზე მდგარი ხალხი მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ხომ არ ესროდა, ხომ არ შეურაცხყოფდა პოლიციას. თან საუბარია არა ერთსა და ორ შემთხვევაზე, არამედ ათეულობით პოლიციელის შეურაცხყოფაზე. ხაზგასასმელია, რომ ეს პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები. რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, რომ პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები დგანან, ეს მათთვის არაფერს წარმოადგენს. ვიმეორებ, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, რომ პროპორციული ძალა გამოიყენოს. ეს მისი ვალდებულებაც არის, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის შემდეგ კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ. ეს ის ძალაა, რომელსაც რაც მალე დავასრულებთ სამართლებრივად, უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.