საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ახალმა კვირამ“ 3 წლის წინ , რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის , გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, რომელიც ამ დრომდე გახმაურებული არ იყო.
პროკურატურის მტკიცებით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები ამავე ბაზრობის ყოფილი მეწილის გიორგი ჭანტურიას დანაშაულზე მიუთითებს.
ე.წ. სტამბულის ბაზრობის სათვალთვალო კამერა მკვლელობამდე სამსონ ქუთათელაძის ბოლო კადრს 16:42 საათზე გიორგი ჭანტურიასთან ერთად აფიქსირებს. ისინი მიდიან სამსონ ქუთათელაძის ოფისის მიმართულებით და შედიან ქუთათელაძის კაბინეტში. თითქმის 3 წუთში- 16:42:47 წამზე ქუთათელაძის ოფისის უკანა ტერიტორიაზე ერთ-ერთი ობიექტის კამერა აფიქსირებს გიორგი ჭანტურია როგორ ტოვებს ტერიტორიას საკუთარი ავტომანქანა ,,შკოდით.,, პროკურატურის მტკიცებით, დროის ამ მონაკვეთში მოკლა ჭანტურიამ ქუთათელაძე. გამოძიების თანახმად, ქუთათელაძესთან ოფისში ამ დროს მხოლოდ გიორგი ჭანტურია იმყოფებოდა. ,,ახალმა კვირამ,, მოიპოვა მოწმეების ჩვენებებიც, რომლებიც აღწერენ, რომ ქუთათელაძის კაბინეტში არავინ იმყოფებოდა, შემდგომ დაინახეს კაბინეტში ქუთათელაძის და ჭანტურიას შესვლა, დაინახეს ოფისის უკანა კარის მხრიდან იარაღით ხელში ჭანტურიას გასვლა, რამდენიმე წუთში კი სამსონ ქუთათელაძის ცხედარი აღმოაჩინეს.
საგამოძიებო მასალებით იკვეთება, რომ მკვლელობას წინ უძღვოდა ქუთათელაძეს და ჭანტურიას შორის რამდენიმე კონფლიქტი.
რუსთავის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია პროკურატურის მტკიცებულებები და გიორგი ჭანტურია 2020 წლის 12 ივნისს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო. 3 წლის შემდეგ მოკლულის ოჯახს იმედი აქვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის განაჩენს და გენერლის მკვლელი დაუსჯელი არ დარჩება.
ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას დამცველი ქუთათელაძესთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონფლიქტს უარყოფს. ბექა ბასილაია გიორგი ჭანტურიას სამსონ ქუთათელაძესთან კაბინეტში შეხვედრაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს. მოწმეების ჩვენებებს კი შეკვეთილს უწოდებს და განმარტავს, საინტერესოა 7 თვის შემდეგ რატომ მისცეს მოწმეებმა ჭანტურიას წინააღმდეგ ჩვენება.
გენერალ-მაიორი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია რუსთავის სასამართლომ გაამართლა. მას 6 წლიანი პატიმრობა მხოლოდ იარაღის ბრალდებით აქვს მისჯილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჭანტურიას საქმის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროკურატურა ქუთათელაძის მკვლელობაში ჭანტურიას დამნაშავედ ცნობას ითხოვს.