ნახე… პატრიარქი მოვიდა შენ სანახავად და სწორედ მაშინ მოხდა ის, რასაც ვერანაირი სამედიცინო ლოგიკა ვერ ხსნის

უჩა ნებიერიძე-მინდა ერთი ისტორია დავწერო , უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია|| შესახებ

ბევრ ისტორიას მოვისმენთ, ბევრ საოცრებას წავიკითხავთ, მაგრამ მე მინდა მოვყვე ერთი ამბავი — არა როგორც ლეგენდა ან გადმოცემა, არამედ როგორც რეალობა, რომლის თვითმხილველიც მე თავად გავხდი.

2006 წელი იყო. ღუდუშაურის კლინიკა-ში ახლად დაწყებული მქონდა რეზიდენტურა

ნათლისღების დღე იდგა. ჩემი კურსელები და მეგობრები სიხარულით მონათლავდნენ ჩვენი საერთო მეგობრის შვილს. დღე იყო ნათელი, თითქოს თავადაც ზეიმობდა ამ სიწმინდეს. თუმცა უკან დაბრუნებისას ბედისწერამ თავისი უხეში ხელი ჩარია — ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მანქანაში ხუთნი იყვნენ. სამმა შედარებით მსუბუქად გადაიტანა, ერთმა — საშუალოდ, ხოლო საჭესთან მჯდომი… ჩვენი ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი ადამიანი — უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ის მაშინ მხოლოდ ჩვენთვის იყო ცნობილი — მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის. 23 წლის ბიჭი, რომელსაც ერთნაირად უყვარდა მუსიკა და სულიერება: იყო მუსიკალური ჯგუფის მომღერალი და ამავდროულად მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდში. რიგითი თბილისური ოჯახის შვილი, მაგრამ არაჩვეულებრივი გულის პატრონი — ისეთი, რომლის გარშემოც ადამიანები ბუნებრივად იყრიან თავს.

მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო — პრაქტიკულად ტერმინალური. ჩატარდა ურთულესი ოპერაცია, მაგრამ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. საათები წყვეტდა ყველაფერს.

საღამოს გადაწყდა, რომ საჭირო იყო დამატებითი ჩარევა — ცხვირის ძვლების რეპოზიცია. მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სრული ანესთეზიის მიცემა აღარ შეიძლებოდა. პროცედურა დავიწყეთ პრაქტიკულად უგრძნობლად. ტკივილი უნდა ყოფილიყო აუტანელი — მაგრამ რეაქცია… ნული. თითქოს სხეული უკვე აღარ ეკუთვნოდა ამ სამყაროს.

ავარიის ამბავი მიაწოდეს ილია II-ს. უთქვამთ — ახალგაზრდა მგალობელი მძიმედ დაშავდაო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, უწმინდესს სურათი უთხოვია: „მაჩვენეთ, რომელიაო“. როდესაც აჩვენეს, უთქვამს — „წამიყვანეთ საავადმყოფოშიო“.

საავადმყოფოში ხმა გავრცელდა — პატრიარქი მოდისო. არავის დაუჯერია. ეს თითქოს შეუძლებლად ჟღერდა — რატომ უნდა მოსულიყო პირადად ერთ რიგით მგალობელთან?

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა რეანიმაციაში პროცედურა მიმდინარეობდა, კარი გაიღო.

და შემოვიდა.

შემოვიდა ილია II, მგალობლებთან ერთად.

იმ წამს სიტყვები აღარ არსებობდა. დრო თითქოს გაჩერდა.

მე დავიხარე პაციენტთან — ჩემს უგონო მეგობართან — და ჩავძახე:

„ნახე… პატრიარქი მოვიდა შენ სანახავად.“

და სწორედ მაშინ მოხდა ის, რასაც ვერანაირი სამედიცინო ლოგიკა ვერ ხსნის სრულად.

მან გაახილა თვალები.

მომაჩერდა — გაოგნებული, მაგრამ სრულიად ცნობიერი მზერით.

ამ დროს უწმინდესმა მიუახლოვდა, ნაზად, მშვიდი ხმით უთხრა:

„აბა, როგორ ხარ?“

და ბიჭმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კომატოზურ მდგომარეობაში იყო, უპასუხა:

„მადლობთ, თქვენო უწმინდესობავ… როგორ შეწუხდით… მე ვიცოდი, რომ არ მოვკვდებოდი… მე ვნახე, რომ თქვენთან ერთად ისევ მივდიოდი ისრაელში, გოლგოთაზე…“

ეს აღარ იყო მხოლოდ სიტყვები. ეს იყო რაღაც უფრო ღრმა — რწმენისა და სიცოცხლის შეხების წერტილი.

უწმინდესმა გაუღიმა. გადაუხადა პარაკლისი, თავთან დაუბრძანა ხატი სიწმინდეებით. შემდეგ კი, თითქოს ამით არ შემოიფარგლა, ჩამოუარა რეანიმაციაში მყოფ ყველა უმძიმეს პაციენტს.

იმ ნაკადიდან, იმ ღამიდან — არავინ გარდაცვლილა.

ჩემი მეგობარი კი… მესამე დღეს უკვე პალატაში გადმოვიყვანეთ. მეხუთე დღეს — სახლში გაეწერა.

ეს ამბავი რომ საკუთარი თვალით არ მენახა, ალბათ მეც ერთ-ერთ გადაჭარბებულ ისტორიად ჩავთვლიდი. მაგრამ როცა თავად ხარ მოწმე — ეჭვს ადგილი აღარ რჩება.

ამ ისტორიას დიდხანს არავის ვუყვებოდი.

შეიძლება იმიტომ, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი სასწაულები ხმამაღალ სიტყვებს კი არა — სიჩუმეს ითხოვენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება