პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში “დებატები რუსთავი2”-ზე განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები პრაგმატული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და უკრაინის მაგალითს უპირისპირებდნენ. მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფრთხილი კურსი მიზანმიმართულად იყო გაკრიტიკებული, თუმცა დღეს მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა სწორი იყო. დეპუტატმა კითხვები დაუსვა დებატებში მონაწილე, ნიკა ობოლაძეს. „მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია, ევროპარლამენტარები, ევრობიუროკრატია, ასევე ადგილობრივი „ნაცმოძრაობისა“ და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები გვიწუნებდნენ პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში უკეთესი მდგომარეობა იყო. ამერიკის მაშინდელი ელჩი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ უნდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც უკრაინა, და აცხადებდა, რომ უკრაინაში მეტი დემოკრატიაა, ვიდრე საქართველოში. თითქოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭეს, რომ ისინი ასრულებდნენ ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველო კი — არა. ოთხი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ისმოდა, რომ უკრაინა ყველა პარამეტრით უსწრებდა საქართველოს. დღეს კი ვხედავთ რეალურ სურათს: უკრაინაში, სამწუხაროდ, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ეკონომიკა დანგრეულია და მომავალი ბუნდოვანია. რას ეუბნებით საქართველოს მოსახლეობას — რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატის კითხვაზე ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვას არავინ აიძულებდა. მისი თქმით, მაგალითად სომხეთმა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო ბაზა აქვს, შეძლო ურთიერთობების დალაგება და ომში არ ჩართულა. ამიტომ იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განცხადებას, თითქოს ვინმე საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდა. მისი აზრით, საქართველოც შეძლებდა ბალანსის დაცვას კონფლიქტში ჩართვის გარეშე. „სიმართლე სიმართლეა ყველგან და ყოველთვის, და სწორედ ეს პოლიტიკა გამოგვარჩევს ჩვენ, „ხალხის ძალას“. თუ ასეა და ჩვენ სწორი პოლიტიკით მივდიოდით, ოთხი წლის განმავლობაში რატომ გვიწუნებდნენ ამას? აღმოჩნდა, რომ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებდით. ქალბატონი ფარკასი (ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორია) გვეუბნებოდა: „მერე რა, თუ რუსეთი თქვენთან ომს დაიწყებს — 10-დან 20 ათასამდე ადამიანი დაგეღუპებათო“. მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრია. ჩვენ ქვეყანა აღარ გვექნებოდა — და მერე რა პოლიტიკა უნდა გვეწარმოებინა? მთელი ოთხი წლის განმავლობაში გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან და მათთან კომუნიკაციის შეზღუდვას. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან. დღეს კი გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი და თქვეს, რომ რუსეთი ევროპაა და მასთან უნდა ილაპარაკონ — არა მხოლოდ ილაპარაკონ, არამედ მასთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა შექმნან. ტყუილს ხომ არ ვამბობ? მათ სიტყვებს ვიმეორებ. ჩვენ ვიცით და ვაღიარებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოში და ასევე იბრძვის უკრაინაში. თუ მართლაც რუსეთთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურა შეიქმნა, რა სტატუსი ექნება იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც საქართველოში დგას და უკრაინაში იბრძვის?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Ruso
Ruso forwarded a message
გურამ მაჭარაშვილი: დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია „ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, „ხალხის ძალის“ პოზიციაც ეს არის,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პოლიტიკური დებატების მორიგი რაუნდის შეჯამებისას, როცა დებატების უალტერნატივობაზე ისაუბრა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა ქვეყანაში არსებული მშვიდობა. მისი თქმით, იმ გზის მართებულობა, რომელიც საქართველომ აირჩია, წლებმა დაადასტურეს და პრაგმატული პოლიტიკის მიზანშეწონილობას აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციაც ეთანხმება. „დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ 2022 წლიდან დავიწყეთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. 4 წლისთავზე კი მოვედით აქამდე – გვაქვს მშვიდობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები რუსულს უწოდებენ. უკრაინაში გვაქვს თურმე ევროპული ომი და საქართველოში რუსული მშვიდობა. ეს შედეგი რომ არ დამდგარიყო, ჩვენ დებატებში კი არ ვიქნებოდით, სახელმწიფოც არ გვექნებოდა. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას, „ხალხის ძალის“ პოზიციაც ეს არის. ბოლო-ბოლო, ამ ყველაფერს, 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენი წერილები რომ მოვიშველიოთ, ეთანხმება და პირდაპირ იმეორებს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია. მართალია ოპონენტები ამბობენ, რომ ის ამერიკაა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტნიორი პარტნიორია და ჩვენც გვაქვს კრიტიკის უფლება, მათ შორის ევრობიუროკრატიის,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.