fbpx

ვახტანგ გომელაური: ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუე და აბსურდია, ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჟურნალისტებთან საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მას ვერანაირად ვერ დაავალებდა [მოსმენებს], ის მას არ იცნობდა. როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა ან რა უნდა დაევალებინა? ეს აბსურდია, ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა. ან მე როგორრ დამავალებდა? აცხადებს, რომ კრეფსებს, აუდიოჩანაწერის ბეჭდურ ვარიანტს აგზავნიდა ბიძინა ივანიშვილთან, ბატონ პრემიერთან და კობახიძესთანო. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. კანონით რაც არის, უამრავი ოპერატიული მასალაა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რომ იკითხოს, ერთი კაცი ამას ელემენტარულად ვერ აუვა, ზღვა ინფორმაციაა. [გოგაშვილს] მტკიცებულებები თუ აქვს, გამოიტანოს და დადოს. მე რომ ვიჯდე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რაც ოპერატიული მასალა შემოდის, რომ ვიკითხო, იქ მინიმუმ სამი გომელაური უნდა იყოს, ეს მასალა რომ წაიკითხოს“, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

მანვე განმარტა, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურასა და სასჯელაღსრულების სამსახურებს კანონით აქვთ მინიჭებული უფლება, აწარმოონ მოსმენები, როდესაც შესაბამისი განჩინება არსებობს.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „მოსმენებისთვის სუს-ს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას იყენებს“. მისივე თქმით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის.

8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სუს-ის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს – ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულად წარიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება