fbpx

ბოკერია მელიას ინიციატივაზე: ეს არის ჰაერის მორიგი გამოშვება


კომიკურად მიმაჩნია ვადამდელი არჩევნების ნიკა მელიას ინიციატივად მონათვლა – მე თუ კიდევ ერთხელ დავიწყებ ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ეს ჩემი ინიციატივა გახდება?! – ეს არანაირი მელიას ინიციატივა არ არის, ეს არის მორიგი ჰაერის გამოშვება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად საჭიროა, რომ მოქალაქეები შემდეგი წლის განმავლობაში მზად იყვნენ გრძელვადიანი პროტესტისთვის.

„ეს პოზიცია დიდი ხანია არსებობს. „ევროპულ საქართველოს“ ეს პოზიცია თავიდანვე გვქონდა, როცა სულელურ ლაპარაკს ჰქონდა ადგილი იმის შესახებ, შეძლებდნენ თუ ვერა 12 პუნქტზე შეთანხმებას. შარშან, წლის ბოლომდე რეჟიმის დასრულებას რომ აანონსებდა მელია, გახსოვთ? ჩვენ მაშინ ვიძახდით, რომ ამოცანა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, ოღონდ არ შეიძლება რაღაც მოლოდინი შექმნა და რაღაც ზღვარი დააწესო. სანამ არ არის საზოგადოებრივი, მშვიდობიანი პროტესტი იმ ხარისხით, რომ იძულებული გახადო რეჟიმი, ამას ვერ მიაღწევ.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს მისაღწევი ამოცანა, რომ საზოგადოების ისეთი მობილიზება იყოს არჩევნებზე (ეს იქნება 2024-ში თუ ვადამდელი), რომ ივანიშვილის უკანონო ქმედებები გადაწონოს. ვადამდელი ძალიან სასურველია, ამ ნაწილში მელიას ვეთანხმები. ეს არის მისაღწევი და ამისთვის საჭიროა ბევრად მეტი მოქალაქის ჩართვა ამ პროცესში. ხოლო ვადამდელი არჩევნების მისაღწევად საჭიროა, რომ ეს მოქალაქეები შემდეგი წლის განმავლობაში მზად იყვნენ გრძელვადიანი, მოთმინებიანი პროტესტისთვის. ამას სჭირდება პოლიტიკური პროცესისთვის მოქალაქეების ნდობის დაბრუნება, ხოლო ამ ნდობის დაბრუნებას სჭირდება მოთამაშეებისგან, მათ შორის ყველაზე მსხვილი მოთამაშისგან – „ნაციონალური მოძრაობისგან“ დემონსტრირება იმისა, თუ როგორ ცუდად მოიქცნენ, როცა ამომრჩეველი ბევრჯერ მოატყუეს ჩვენგან განსხვავებით.

ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ მათ, მაგრამ გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა, რომ ჩვენ გარშემო გავაფართოოთ მოქალაქეების რიცხვი, ვისაც პოლიტიკური პროცესის რწმენა ექნება და მზაობა გრძელვადიანი მშვიდობიანი პროტესტისთვის, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის. ამას სერიოზული შრომა სჭირდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება